„მე ფაქტიურად თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ამ პოლიტიკურ სპექტრთან ამ მენიუში შეუძლებელია კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება“
ამობეჭდვა · 05 / 12 / 2019 21:10
„მე ფაქტიურად თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ამ პოლიტიკურ სპექტრთან ამ მენიუში შეუძლებელია კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება“

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას  „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“  დიმიტრი ხუნდაძემ  თავისი მოსაზრება გამოთქვა, რა იქნება თუკი  კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება  გახდება  საჭირო. –„როგორია პოლიტიკური სპექტრის მენიუ? არის პრორუსული მიმართულება, რაც ჩემთვის და საზოგადოებისთვისაც მიუღებელია, რამეთუ ჩვენი საგარეო ვექტორი არის განსაზღვრული, და მეორე - ამ მენიუში არის კიდევ უფრო მეტი ხიფათის შემცველი ნაციონალური მოძრაობა.

ჩემი ერთ-ერთი კომპრომისი იყო პირობადებული და გუნდისგან იყო შემოთავაზებული, რომ ერთიანად წარვდგეთ ჩვენ ამ გადაწყვეტილებით, იმიტომ, რომ   2024-ში მიღებული გვაქვს და მოდი გადმოვწიოთ ვადა. არსებობდა მოლოდინი, რომ ეს პოლიტიკური სპექტრი დამშვიდდება და გახდება კონსტრუქციული. მე ამის არ მეჯერა, მაგრამ გუნდთან წავედი კომპრომისზე. მაგრამ ვხედავ ქუჩა ისევ არეულია, სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმი, საპატრიარქოზე პრაქტიკულად სპეცოპერაცია განხორციელდა.

მე კიდევ ერთხელ გამიჩნდა შიში იმისა და მოლოდინი, ფაქტიურად თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ამ პოლიტიკურ სპექტრთან ამ მენიუში შეუძლებელია კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება“,- განაცხადა დეპუტატმა. მისი თქმით,  საერთაშორისო   არენაზეც არსებობს მაგალითები როგორ იშლება კოალიციური მთავრობები, რომლებიც არის შეუთავსებელი და   მან შესაბამისი მაგალითებიც მოიტანა.

დღევანდელი არსებული სიტუაციის შეფასებისას, არის თუ არა მეტი სტაბილურობა მას შემდეგ რაც პროპორციული სისტემის კენჭისყრა ჩავარდა, მან უპასუხა, რომ ჩვენ დღეს, ამ რეგიონში, სადაც პოლიტიკური რყევები არის საკმაოდ მძლავრი, სადაც პრაქტიკულად ვართ საომარ მდგომარეობაში, სადაც რუსეთის პირდაპირი ინტერესია, რომ მთავრობა იყოს რყევადი ამორფული და არა ძლიერი, არ გვაქვს ექსპერიმენტების ჩატარების დრო.

-„ფაქტია დავუშვით შეცდომა, მაგრამ სანამ ეს შეცდომა რეალურ რისკებს  კიდევ უფრო მაღალ ხარისხში და უფრო რეალურს  გახდის, ჯობია ჩვენვე გამოვასწოროთ ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომა.

ეს იქნება ყველაზე მისაღები სისტემა ჩვენი რეალობისათვის ამ პოლიტიკურ სპექტრში და ჩვენი საზოგადოებისთვისაც. ხედავთ, რომ პარტიული სტრუქტურა არის სამალავები კარგად თუ ცუდად ცნობადი პოლიტიკოსებისათვის, ასევე  პარტიული  ნეპოტიზმი დევს თვალწინ, მაგალითად პოლიტიკოსების შვილები წამოვიდნენ წინა პლანზე, ეს არ არის ოჯახური ბიზნესი. თუ ჭირდებათ პოლიტიკური მომავალი, გამოვიდნენ ღია სცენაზე საზოგადოების წინაშე და პირდაპირი მხარდაჭერა მოიპოვონ“.

დიმიტრი ხუნდაძემ  ისაუბრა ასევე ორპალატიან საარჩევნო სისტემაზე, რომელიც არის ამერიკული სისტემა, აქვე აღნიშნა, რომ არც ერთი სისტემა არ არის არადემოკრატიული, „რატომ სპეკულირებენ რომ არსებული სამი სისტემიდან რომელიმე არის არადემოკრატიული. სამივე დემოკრატიულია, მაგრამ ჩვენ უნდა ავირჩიოთ ის, რაც ჩვენს რეალობაში ყველაზე მეტად  იქნება ჩვენი ქვეყნისათვის მისაღები, რაც მეტად გაზრდის პასუხისმგებლობას იმ პოლიტიკოსების, რომლებიც შემდგომში შემოვლენ პარლამენტში.