საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა
ამობეჭდვა · 06 / 12 / 2019 16:36
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ცოტნე ზურაბიანი უძღვებოდა.

საკითხი განსახილველად იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ წარადინა.



ინიციატივის თანახმად, დაკარგვის საფუძვლით პასპორტის შეცვლის დროს მოთხოვნას თან უნდა დაერთოს სამართალდამცავი ან სხვა კომპეტენტური ორგანოსათვის ამ გარემოების თაობაზე შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი. კანონპროექტის მიხედვით, პასპორტის დაკარგვის თაობაზე სამართალდამცავი ან სხვა კომპეტენტური ორგანოებისათვის მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი ლეგალიზებისა და აპოსტილით დამოწმების გარეშე მიიღება. კანონპროექტი ასევე, ითვალისწინებს გარდამავალი ხასიათის ნორმას, რომლის თანახმად, კანონის ამოქმედებამდე მიღებულ განაცხადებზე არ გავრცელდება ამავე კანონით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულება.



მთავრობის წარმომადგენელმა დასმულ შეკითხვებს უპასუხა, რის შემდგომაც საკითხს კომიტეტის წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.



„ეს არის ძალიან საჭირო ინიციატივა სრულფასოვანი, ეფექტური მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების კუთხით“, - განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.