არის ნიშნები, რომ ვუბრუნდებით ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს - არჩილ თალაკვაძე
ამობეჭდვა · 08 / 12 / 2019 19:31
არის ნიშნები, რომ ვუბრუნდებით ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს - არჩილ თალაკვაძე

"დღეს გვექნება განხილვა, თუ რა შეგვიძლია ერთად გავაკეთოთ არსებული შერეული მოდელის ფარგლებში, რაც მოიტანს შეთანხმებას 2020 წლის არჩევნების შესახებ, იქნება მისაღები  ოპოზიციისთვისაც, მმართველი გუნდისთვისაც და მთელი  საზოგადოებისთვისაც",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. 
 
არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ამის რესურსი არსებობს თუ ოპოზიცია კონსტრუქციული იქნება. "როგორც მოგეხსენებათ, დღევანდელი მოცემულობით, შერეულ მოდელში საპარლამენტო მანდატების ნახევარი დაკომპლექტდება პროპორციული წესით, ზუსტად ისეთი წესებით როგორც ოპოზიციას სურდა, ხოლო მეორე ნახევარი მაჟორიტარული წესით და სწორედ ამ მეორე ნახევართან დაკავშირებით გვექნება დღეს განხილვა. თქვენ იცით, ისედაც დაწყებული იყო სამუშაო საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე და დღესაც მზად ვართ ოპოზიციის წინადადებები მოვისმინოთ",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. დეტალებზე საუბრისგან არჩილ თალაკვაძემ თავი შეიკავა.
 
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე სწორედ ამ საკითხებსა და ოპოზიციის წინადადებებზე იმსჯელებენ. 
 
"შეხვედრის დაწყებამდე მე დეტალებს ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ ეს შეხვედრა სწორედ იმისთვის არის, რომ ჯერ მოვისმინოთ ეს დეტალები, რა შემოთავაზება აქვს ოპოზიციას. შემდეგ უკვე ჩვენ გვექნება ჩვენი პასუხი და არგუმენტები. თუ საჭიროა ავიღებთ მეტ დროს, თუ იქნება კონკრეტული შემოთავაზებები, მოვემზადოთ და კონკრეტული პასუხებით მოვიდეთ შემდეგ შეხვედრაზე.
 
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არის უკვე ნიშნები, რომ ვუბრუნდებით ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს. დიალოგი ამისთვის ნამდვილად კარგია. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მივესალმები საუბარს ჩვენს პოლიტიკურ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის და ეს ფორმატიც, სადაც საპარლამენტო, არასაპარლამენტო ოპოზიცია, ასევე ჩვენი პარტნიორები არიან წარმოდგენილი, ვფიქრობ, რომ არის ამისათვის ოპტიმალური ფორმატი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.