სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები იზრდება
ამობეჭდვა · 09 / 12 / 2019 10:22
სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები იზრდება

სიჩქარის გადაჭარბებაზე რეგულაციები მკაცრდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებად ჩაითვლება არა 15კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობა (როგორც დღეს), არამედ 10 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობა.

ამასთან, იზრდება ჯარიმებიც. კერძოდ, სიჩქარის 40 კმ/სთ-მდე გადაჭარბებაზე ფულადი სანქცია - არსებული 50 ლარის ნაცვლად, 150 ლარი, ხოლო 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებაზე ჯარიმა - 150-ის 250 ლარი იქნება.

„იურიდიული პირს კი, სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის გადაჭარბების ფაქტის ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებისას დაეკისრება შესაბამისი ჯარიმის ორმაგი ოდენობა,“-ვკითხულობთ მომზადებულ კანონპროექტში.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოქმედი რედაქციით, სიჩქარის გადაჭარბება, რომელიც ფოტო/ვიდეო ფირზე ფიქსირდება არ ითვალისწინებს მაღტვის მოწმობაზე მინიჭებული ქულის დაკლებას, ახალი პროექტის მიხედვით კი აღნიშნულ დარღვევას მიენიჭება ქულა. კერძოდ:

10 კმ/სთ-ზე მეტი და 40 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება - მინუს 10 ქულა და 150 ლარიანი ჯარიმა იქნება;

40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბება კი - მინუს 20 ქულა და 250 ლარიანი სანქცია იქნება.

„ამავდროულად გათვალისწინებულია მესაკუთრის უფლება, სამართალდარღვევის ფოტოფირზე ან/და ვიდეოფირზე დაფიქსირებისას უფლებამოსილ პირის წარმოდგენის შემთხვევაში, რომელიც წერილობითი ახსნა-განმარტებით დაადასტურებს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, თავად გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისაგან და შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროს სამართალდარღვევის უშუალოდ ჩამდენ პირს,“- აღნიშნულია პროექტში.