ილია ნაკაშიძე ტაჯიკეთს რესპუბლიკის წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა
ამობეჭდვა · 10 / 12 / 2019 12:34
ილია ნაკაშიძე ტაჯიკეთს რესპუბლიკის წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ილია ნაკაშიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, ნოდირი შაჰნოზას და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდა. ტაჯიკეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული დელეგაციის წევრები შეხვედრაზე საქართველოში იუსტიციის სამინისტროს და იუსტიციის სახლის საკანონმდებლო ბაზით დაინტერესდნენ და მათი საქმიანობასთან დაკავშირებულ ნორმატიულ და სამართლებრივ აქტებს გაეცნენ.

„შეხვედრაზე ტაჯიკელ სტუმრებს ის საკანონმდებლო ბაზა გავაცანით, რომლითაც იუსტიციის სამინისტროს და იუსტიციის სახლის საქმიანობა რეგულირდება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ტაჯიკეთი ანალოგიური სერვისების შექმნაზე მუშაობს და მათი ინტერესის სფეროს საქართველოს გამოცდილება და ქართული მოდელის გაცნობა წარმოადგენს. შეხვედრაზე ჩვენ ასვე შევეხეთ ორი ქვეყნის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს და დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის მნიშვნელობას გაუსვით ხაზი. აღინიშნა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება, ტურიზმის ხელშეწყობა, პირდაპირი ავია მიმოსვლა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გააქტიურება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ილია ნაკაშიძემ.

შეხვედრაზე, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი დაესწრო, ქართველმა კანონმდებლებმა ტაჯიკეთის მხარეს მადლობა გადაუხადეს იმ მეგობრული პოზიციისთვის, რომელსაც ეს სახელმწიფო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ იჩენს. დეპუტატებმა ტაჯიკელ სტუმრებს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფოს მიერ არჩეული პოლიტიკური კურსი გააცნეს და ამ მიმართულებით მომზადებულ სოციალურ, საგანმანათლებლო და ჯანდაცვით პროგრამებზე ისაუბრეს.