ირაკლი ბერაია ჰუბერტ ქნირშს შეხვდა
ამობეჭდვა · 11 / 12 / 2019 16:49
ირაკლი ბერაია ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები, მათ შორის, ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა, თავდაცვა, უსაფრთხოება, კულტურა და ხალხთა შორის კავშირები. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრობლობის შემდგომ გაფართოვებას და გაღრმავებას.

ძირითად განსახილველ საკითხებს განეკუთვნებოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება, რუსეთის აგრესიული ქმედებები, როგორც რეგიონში ასევე, მის ფარგლებს გარეთ, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.

ირაკლი ბერაიამ გერმანელ დიპლომატს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მნიშვნელოვანი როლი აღნიშნა ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერაში.