აკრძალვა შეეხო მხოლოდ და მხოლოდ კანონპროექტებს - გარდა ბიუჯეტის და დაჩქარებული წესით კანონპროექტებისა - გურამ მაჭარაშვილი
ამობეჭდვა · 12 / 12 / 2019 11:54
აკრძალვა შეეხო მხოლოდ და მხოლოდ კანონპროექტებს - გარდა ბიუჯეტის და დაჩქარებული წესით კანონპროექტებისა - გურამ მაჭარაშვილი

აღნიშნული განმარტება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ მაჭარაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, სანამ პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შევიდოდა სასესიო კვირაში, შესვენების დროს ან სესიის შემდგომაც, ხშირად გამართულა არა მხოლოდ იურიდიულ საკითხთა არამედ, სხვა კომიტეტის სხდომებიც, რადგან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი არ კრძალავდა არა მხოლოდ საკომიტეტო დღეებში და კვირებში არამედ, სასესიო კვირებში კომიტეტების სხდომების ჩატარებას.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ შევიტანეთ პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება და ვთქვით, რომ სასესიო კვირაში აკრძალვა გავავრცელოთ კანონპროექტების განხილვაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ერთი მხრივ, არ შევაფერხოთ საკანონმდებლო საქმიანობა და მეორე მხრივ, უზრუნველვყოთ ის, რომ საკანონმდებლო საქმიანობის ხარისხიც არ დავწიოთ - შევჯერდით იმაზე, რომ საკომიტეტო მოსმენაზე მხოლოდ და მხოლოდ კანონპროექტების განხილვა აგვეკრძალა თუმცა, აქაც დავუშვით გამონაკლისები. ის შეიძლებოდა განგვეხილა იმ შემთხვევაში თუ კანონპროექტები იქნებოდა დაჩქარებული წესით, ან ეს შეეხებოდა ბიუჯეტის შესახებ კანონს. დანარჩენ საკითხებს ჩვენ არ შევეხეთ და როგორც იყო ეს დაშვებული ადრე, მანამ სანამ ცვლილებები შევიდოდა რეგლამენტში, რომ სასესიო პერიოდში შეიძლებოდა კომიტეტების ჩატარება მხოლოდ სხვა საკითხებზე და არა კანონპროექტებზე -  დარჩა ისევ ისე. აკრძალვა შეეხო მხოლოდ და მხოლოდ კანონპროექტებს -  გარდა ბიუჯეტის კანონპროექტებისა და დაჩქარებული წესით კანონპროექტებისა“, - განმარტა გურამ მაჭარაშვილმა.