საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში დაიწყო
ამობეჭდვა · 12 / 12 / 2019 14:27
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში დაიწყო.

კიევის ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნები.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შორის. მთავრობის მეთაური ასევე შეხვდება უკრაინის პრემიერ-მინისტრ ალექსი გონჩარუკს და უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გახარია მონაწილეობას მიიღებს დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის სამიტში, რომელსაც კიევი მასპინძლობს. სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურების პლენარული სხდომის შემდეგ დაგეგმილია ლიდერების ერთობლივი განცხადებები, ასევე - რამდენიმე დოკუმენტზე ხელმოწერა.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პრემიერის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანი იმყოფებიან.