დიდუბის რაიონის გამგებელმა გამგეობის ორწლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ამობეჭდვა · 12 / 12 / 2019 14:30
დიდუბის რაიონის გამგებელმა გამგეობის ორწლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა

დიდუბის რაიონის გამგებელმა, ირმა ზავრადაშვილმა რაიონის მცხოვრებლებს გამგეობის მიერ 2018-2019 წლებში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.  პრეზენტაციას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო, რომელმაც ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. 

თბილისის მერმა გამგებელსა და გამგეობის თანამშრომლებს გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა. 

როგორც კახა კალაძემ განაცხადა,  განხორციელებული მასშტაბური  პროექტების მიუხედავად, დედაქალაქში კვლავ არაერთი პრობლემაა, რომელთა მოგვარებას დედაქალაქის მთავრობა, 2020 წლიდან, გაზრდილი ბიუჯეტით გააგრძელებს. 

„სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ეს პრობლემები ათეული წლის განმავლობაში გროვდებოდა ჩვენს ქალაქში და ჩვენ  გვაქვს ვალდებულება, რომ ისინი მოვაგვაროთ. მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, როგორც თქვენს რაიონში, ასევე დედაქალაქის მასშტაბით. თუმცა, ჩვენ ამაზე არ უნდა გავჩერდეთ.  2020 წლის ბიუჯეტი რეკორდულია. მუნიციპალიტეტს მილიარდ სამასი მილიონის დახარჯვა მოუწევს. ეს თანხა სხვადასხვა გამგეობაში გადანაწილდება. დიდუბის რაიონის ბიუჯეტის მოცულობაც გაიზრდება და იქნება შესაძლებლობა, უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელოთ. უფრო მეტად დაეხმაროთ იმ ადამიანებს, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს ადამიანები, რომელთაც ჩვენი თანადგომა სჭირდებათ. მნიშვნელოვანია, რომ დიდუბის რაიონის გამგეობაში დახმარებისათვის მოსულმა ადამიანმა, იცოდეს, რომ მას ზურგს უმაგრებს ძალიან ძლიერი გუნდი გამგებლის ხელმძღვანელობით. თუ არის ისეთი პრობლემები, რომელსაც გამგეობა ვერ აგვარებს, მან უნდა იცოდეს, რომ ზურგს უმაგრებს დედაქალაქის მუნიციპალიტეტი და მერიის მთელი შემადგენლობა ჩემი ხელმძღვანელობით. ერთიანი ძალისხმევით ჩვენი დედაქალაქი აუცილებლად იქნება ყველაზე მოწესრიგებული, მწვანე და  უსაფრთხო, გამართული ინფრასტრუქტურითა და საზოგადოებრივი ტრანსპორტითა. ამ ყველაფერს მარტო კახა და  მარტო ირმა ვერ გააკეთებს. ამას გავაკეთებთ ჩვენ, ყველა ერთად,“ - განაცხადა კახა კალაძემ.  

დიდუბის რაიონის გამგებელმა ადგილობრივ მოსახლეობას, სამთავრობო და კერძო სექტორს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო დამსწრე საზოგადოებას ორი წლის განმავლობაში განხორციელებული ძირითადი პროექტები გააცნო.

„მნიშვნელოვანია, რომ რაიონის მოსახლეობამ  აქტიური მონაწილეობა მიიღო  პრიორეტეტების განსაზღვრაში და გამგეობის ბიუჯეტის დაგეგმვაში. ვფიქრობ, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი გვაქვს გაკეთებული. მზად ვართ ამ გამოწვევებისთვის. 2020 წლის ბიუჯეტი ნამდვილად გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ“, - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა. 

გამგებლის განცხადებით, 2018-2019 წლებში დიდუბის რაიონში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. კერძოდ, 130 მისამართზე შესრულდა საგზაო სამუშაოები. მათ შორის, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 13 ქუჩას, 117 მისამართზე კი შიდა ეზოები და შიდა საუბნო გზები მოწესრიგდა; 39 მისამართზე მოწესრიგდა ამორტიზებული სანიაღვრე და წყალარინების ქსელი; მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 147 მოსასვენებელ სივრცეს; გაკეთდა საბავშვო გასართობი სივრცეები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები; ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, გამგეობამ 7 მისამართზე 85 ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა, მათ ნაცვლად კი, მოსახლეობასთან შეთანხმებით, მოსასვენებელი სივრცეები მოეწყო.

 ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, დიდუბის რაიონის ტერიტორიაზე მოეწყო და რეაბილიტირდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 66 სპორტული მოედანი და 46 ფიტნეს ზონა. 

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ორი წლის განმავლობაში, 281 პროექტი განახორციელა. მათ შორის, კაპიტალურად გამაგრდა 9 ავარიული საცხოვრებელი სახლი, 71 მისამართზე შეიცვალა დაზიანებული  სახურავი, წყალარინების ქსელი  რეაბილიტირდა 62 მისამართზე, შეიცვალა ე.წ „კარაჩაროვის“ ტიპის 12 ლიფტი, ხოლო 30 ლიფტი განახლდა.

მოსახლეობის ჩართულობით, სხვადასხვა ტიპის კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა; საცხოვრებელი ფართები 18 ოჯახს დაუკანონდა, ხოლო 82 ოჯახის ფართით დაკმაყოფილების საკითხი განხილვის პროცესშია.

ორი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში  27 229 381 ლარი დაიხარჯა.

დიდუბის რაიონის გამგებლის საქმიანობის ორწლიანი ანგარიშის პრეზენტაციას მერის მოადგილეები ილია ელოშვილი და ირაკლი ბენდელიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე,  თბილისის მთავრობისა და საკრებულოს წევრები დაესწრნენ.