"განათლების სამინისტრო ყველა რესურსის გამოყენებით აქტიურად არის ჩართული „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის შესწავლაში"
ამობეჭდვა · 14 / 12 / 2019 17:04
"განათლების სამინისტრო ყველა რესურსის გამოყენებით აქტიურად არის ჩართული „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის შესწავლაში"

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

"საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, პირველ რიგში, გამოთქვამს დიდ იმედს, რომ 15 წლის დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება. 

სამინისტრო, მის ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენებით აქტიურად არის ჩართული „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის საფუძველზე განვითარებული ძალიან სამწუხარო ფაქტის შესწავლაში. 

საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე „მწვანე სკოლის“ დირექტორს კახა დავითურსა და მე-100 საჯარო სკოლის დირექტორს თეა კალანდაძეს შეხვდა და მათგან მოზარდის სასკოლო ცხოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მანდატურის სამსახურის დირექტორის მოადგილე გიგი ჩიფჩიური და მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსი თეო ჩიტიაშვილი. 

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ,მინისტრის მოადგილემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიასთან ერთად იაშვილის კლინიკაში დაზარალებული მოზარდი მოინახულა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმებს ესაუბრა. 

სამინისტრო, მანდატურის სამსახური და ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს ყველა დაინტერესებულ მხარესთან. იმის მიუხედავად, რომ საკითხი ეხება კერძო სკოლას, სამინისტრო, მისი კოპეტენციის ფარგლებში, სწავლობს ამ ფაქტს და მოზარდის “მწვანე სკოლაში” სწავლის დროს მიმდინარე პროცესებს. 

ასევე, სამინისტრო მუდმივ კომუნიკაციაშია იმ საჯარო სკოლასთან, რომელშიც დაშავებულმა მოსწავლემ 2019 წლის სექტემბრიდან გააგრძელა სწავლა. განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ყველა შესაბამის უწყებასთან, პირველ რიგში, მოზარდის სიცოცხლის გადარჩენისათვის და მომხდართან დაკავშირებით ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდების მიზნით".