ირაკლი აბუსერიძე აცხადებს, რომ განათლება სახელმწიფოს უმთავარესი პრიორიტეტია
ამობეჭდვა · 16 / 12 / 2019 12:32
ირაკლი აბუსერიძე აცხადებს, რომ განათლება სახელმწიფოს უმთავარესი  პრიორიტეტია

ვაზისუბანში 90-ე საჯარო სკოლას კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება.

„ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, ისნის N8 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი აბუსერიძე, საკრებულოს წევრი ლევან დავითაშვილი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გაეცნენ. ირაკლი აბუსერიძემ სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მომავალი წლიდან მოსწავლეები თანამედროვე სტანდარტების მქონე შენობაში გააგრძელებენ განათლების მიღებას.

„განათლება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, ვინაიდან განათლებული თაობა ძლიერი სახელმწიფოს გარანტია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოსწავლეებმა მოწესრიგებულ და უსაფრთხო გარემოში შეძლონ ცოდნის მიღება. სამწუხაროა, რომ სკოლა, რომელიც ათასამდე მოსწავლეზეა გათვლილი, სასწავლო პროცესის სათანადო წარმართვას შენობის სავალალო მდგომარეობის გამო ვერ ახერხებდა. აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით აქტიური კომუნიკაცია შედგა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, რის შედეგადაც სკოლაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სრულად მოწესრიგდება საგანმანათლებლო სივრცე, მოპირკეთდება ეზო, მოეწყობა სააქტო და სპორტული დარბაზები. მომავალი წლისთვის მოსწავლეებს სწავლისთვის ღირსეული პირობები ექნებათ’’ - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.