გია ცეცაძემ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა
ამობეჭდვა · 24 / 12 / 2019 18:08
გია ცეცაძემ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს გია ცეცაძე აღარ უხელმძღვანელებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

„მიუხედავად ფეხბურთის ფედერაციის უდიდესი სურვილისა, გაეგრძელებინა გამოცდილ სპეციალისტთან თანამშრომლობა, მან გადაწყვიტა, თავისი სამწვრთნელო კარიერა სხვაგან განეგრძო. ეს ფაქტი ჩვენთვის ძალზე სამწუხაროა, მაგრამ პატივს ვცემთ გია ცეცაძის გადაწყვეტილებას.

გია ცეცაძე 21 წლამდელთა ნაკრებს 2017 წლიდან წვრთნიდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ მადლობას უხდის გია ცეცაძეს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

18 ნოემბერს სლოვაკეთისა და საქართველოს გუნდების მატჩისას მომხდარი ინციდენტის გამო უეფამ ცეცაძე 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. საქართველოს ნაკრებს ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ზუსტად ხუთი შეხვედრა დარჩა სათამაშო, რაც იმას ნიშნავს, რომ ცეცაძე მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდს სათადარიგო სკამიდან ვეღარ უხელმძღვანელებდა.