საბაგირო, სადაც საბჭოთა კავშირის დროინდელი რუბლის გამოყენება ხდება, ჩვენი მენეჯმენტის ქვეშ არ არის - მთის კურორტების განვითარების კომპანია
ამობეჭდვა · 08 / 01 / 2020 18:51
საბაგირო, სადაც საბჭოთა კავშირის დროინდელი რუბლის გამოყენება ხდება, ჩვენი მენეჯმენტის ქვეშ არ არის - მთის კურორტების განვითარების კომპანია

მთის კურორტების განვითარების კომპანიის მენეჯმენტის ქვეშ მოქცეულ საბაგიროებზე საბჭოთა კავშირის დროინდელი რუბლის გამოყენების ფაქტი არ ფიქსირდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბაკურიანში მყოფი დამსვენებლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განუცხადეს.

მათი განმარტებით, ე.წ. 25-იანები, რომელზეც მსგავსი შემთხვევა ხდება, მთის კურორტების კურატორობის ქვეშ არ არის.

„ჩვენს მიერ კონტროლირებად საბაგიროებზე მსგავსი ფაქტი არ ფიქსირდება. „დიდველის“, „მიტარბისა“ და „კოხტას“ საბაგიროებზე მოწყობილია ავსტრიული კომპანიის უკონტაქტო გამშვები პუნქტები“, - განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროში.

ცნობისთვის, ბაკურიანში მყოფი დამსვენებლების ნაწილის ინფორმაციით, ე.წ. 25-იანებზე, საბაგიროს საფასურის გადახდისას, მგზავრს ჟეტონის ან ბილეთის ნაცვლად საბჭოთა კავშირის დროინდელ ხურდა ფულს - რუბლს აძლევენ. დამსვენებლები სოციალურ ქსელში შესაბამის ფოტოებსაც ავრცელებენ.