დავით გაბაიძემ გივი მიქანაძე აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მედლით დააჯილდოვა
ამობეჭდვა · 11 / 01 / 2020 11:56
დავით გაბაიძემ გივი მიქანაძე აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მედლით დააჯილდოვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, საკანონმდებლო ორგანოებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს, გივი მიქანაძეს, მადლობის ნიშნად, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მედალი გადასცა.

სიტყვით გამოსვლისას დავით გაბაიძემ აღნიშნა, რომ 2016-2020 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს შორის, უფლებამოსილების ცნობის პირველივე დღიდან, დაიწყო აქტიური თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევით, ნაბიჯ-ნაბიჯ შესაძლებელი გახდა მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბება არა მხოლოდ კანონმდებლების, არამედ აპარატების თანამშრომელთა დონეზე.

“ჩემთვის უდიდესი პატივია უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისგან მედლის მიღება. 2018 წლიდან, მას შემდეგ რაც ორ საკანონმდებლო ორგანოს აპარატებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, აქტიური თანამშრომლობა დაიწყო როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე, რის საფუძველზეც არაერთი წარმატებული აქტივობა განხორციელდა. ბატონ დავით გაბაიძესთან და ბატონ ზურაბ ჭურკვეიძესთან განვიხილეთ და შევთანხმდით, რომ ნატოს საპარლამენტო ასემბლეის სამდივნოს ეგიდით დაგეგმილი პირველი შავი ზღვის აკადემია საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთისა და უკრაინის პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა მონაწილეობით მიმდინარე წლის მაისში გაიმართოს ბათუმში, რაც ორი საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება”-, განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისასალმებელი სიტყვების შემდეგ დავით გაბაიძემ, გივი მიქანაძემ და ზურაბ ჭურკვეიძემ სერტიფიკატები გადასცეს აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს აპარატის 16 თანამშრომელს, რომელთაც წარმატებით გაიარეს საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის დისტანციური სწავლების მოდული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტზე.​