საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძის სასამართლო პროცესი დაიწყო
ამობეჭდვა · 14 / 01 / 2020 11:25
საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძის სასამართლო პროცესი დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, მამუკა ჯაფარიძისა და ავთო წერეთლის პროცესი მიმდინარეობს. მანამდე კი ,,ლელოს,, ლიდერებმა სასამართლოს ეზოში ბრიფინგი გამართეს და ანაკლიის პორტზე ილაპარაკეს.

მამუკა ხაზარაძის თქმით, სახელმწიფომ არ გასცა 50 მლნ ლარზე გარანტია, რამაც პროექტი დააზარალა. ხაზარაძემ ასევე განაცხადა, რომ ქვეშეთი-კობის საგზაო პროექტი რუსეთის ინტერესებს ემსახურება.

რაც შეეხება უშუალოდ სასამართლო პროცესს, ბრალდებულების განმარტებით მათ წინააღმდეგ მოწმეები არ არსებობს.

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ გამოძიებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აწარმოებს. საუბარია 17 მილიონამდე დოლარის ტრანზაქციაზე. 8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში „თიბისი ბანკიდან“ გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 2019 წლის 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით)“. მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივ მოძრაობის დაფუძნების შესახებ 9 ივლისს განაცხადა.

26 ივლისს სასამართლომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, თითოეულს 700 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ამავე საქმის ფარგლებში გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 22 აგვისტოს აღძრა. საგამოძიებო უწყების განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დახმარებას. საქალაქო სასამართლომ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა, რაც მისმა ადვოკატმა გაასაჩივრა.