პროკურატურა „ბასიანის“ საქმეზე: შესაძლოა ბრალდების კვალიფიკაცია შეიცვალოს
ამობეჭდვა · 14 / 01 / 2020 19:10
პროკურატურა „ბასიანის“ საქმეზე: შესაძლოა ბრალდების კვალიფიკაცია შეიცვალოს

„ბასიანთან“ 3 პირის დაჭრის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების შეფასებისა და ანალიზის შემდგომ, შესაძლებელია შეიცვალოს ბრალდების კვალიფიკაცია- ამის შესახებ გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

„ღამის კლუბ „ბასიანთან“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 2020 წლის 12 იანვარს შსს-ს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილებაში შემოსული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.

საქმეზე ამ ეტაპისათვის შეკრებილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2020 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 02:30 საათზე, ბიძინა ჩაჩხიანი იმყოფებოდა ღამის კლუბ ,,ბასიანში“, რა დროსაც ის არ დაემორჩილა ღამის კლუბში დადგენილ წესებს და გააძევეს კლუბიდან.

ამის გამო განაწყენებული ჩაჩხიანი დაბრუნდა ,,ბასიანის’’ ტერიტორიაზე, ხმამაღლა გინებით ითხოვდა კარის გახნას და სანადირო გლუვლულიანი თოფიდან მოახდინა „ბასიანის“ შესასვლელი კარის მიმართულებით გასროლა. შედეგად, სამმა პირმა მიიღო დაზიანება სხეულის სხვადასხვა მიდამოში.
ინციდენტი გაგრძელდა დაახლოებით 5-7 წუთის მანძილზე, რის შემდეგაც ბიძინა ჩაჩხიანმა დატოვა შემთხვევის ადგილი და მიიმალა.

შემთხვევიდან რამდენიმე საათში, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ბიძინა ჩაჩხიანი, რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა დანაშაულის ჩადენის იარაღი - მასზე შეძენა-შენახვა-ტარების უფლებით რეგისტრირებული 12 კალიბრის, გლუვლულიანი სანადირო თოფი და მისთვის განკუთვნილი ვაზნები.
ბრალდებულ ბიძინა ჩაჩხიანს, შემთხვევიდან მეორე დღეს-2020 წლის 13 იანვარს, გამოძიების მიერ საწყის ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე წარედგინა ბრალდება, დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით, 117-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“, მეხუთე ნაწილის ,,გ“ და მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით.

ბრალდების წარდგენა მოხდა კანონით გათვალისწინებულ, დაკავების 48 საათიან ვადაში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, თუმცა საქმეზე გამოძიება გრძელდება ყოველმხრივ, ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოსაკითხია დაზარალებულები. ისინი უახლოეს პერიოდში გამოიკითხებიან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.

ხსენებულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში, მოპოვებული მტკიცებულებების შეფასებისა და ანალიზის შემდგომ, შესაძლებელია შეიცვალოს ბრალდების კვალიფიკაცია"- წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს ბიძინა ჩაჩხიანს აღკვეთი ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ჩაჩხიანის განცხადებით, ის არსად მიმალვას არ აპირებდა. ჩაჩხიანი ამბობს, რომ ის სანადიროდ წასვლას აპირებდა და სწორედ ამ მიზნით ჰქონდა თან იარაღი და ვაზნები. წინასასამართლო სხდომა საქალაქო სასამართლოში 5 მარტს გაიმართება.