პანკისში დუისის სასაფლაოზე ქერიმ დუიშვილის აკლდამა გადაწვეს
ამობეჭდვა · 15 / 01 / 2020 17:24
პანკისში დუისის სასაფლაოზე ქერიმ დუიშვილის აკლდამა გადაწვეს

პანკისის ხეობაში სოფელ დუისის სასაფლაოზე ქერიმ დუიშვილის აკლდამა გადაწვეს. ხანძრის შედეგად დაიწვა აკლდამის ჭერი, ფანჯრები, ავეჯი და სხვა ინვენტარი. ინფორმაციას radioway.ge ავრცელებს.

ქერიმ დუიშვილს ხეობაში მცხოვრები მუსლიმების ნაწილი წმინდანად მიიჩნევს. აკლდამაში, სადაც ქერიმ დუიშვილის საფლავია მოქცეული, ხალხი სალოცავად დადიოდა.

ქერიმ დუიშვილი 88 წლის ასაკში, 1977 წელს გარდაიცვალა. ქისტი უხუცესისა და მწერლის, ხასო ხანგოშვილის თქმით, ქერიმ დუიშვილი სოფელ დუისის დამაარსებლის დუი ცაცხასაშვილის შვილიშვილი იყო.

„კომუნისტების მმართველობის პერიოდშიც კი ქადაგებდა, როცა ყველაზე რთული იყო, მითუფრო პანკისში. რელიგიურ რიტუალებს ატარებდა, დაკრძალვის დროს იქნებოდა ეს თუ სხვა. თითქმის იმამის მოვალეობას ასრულებდა. ერთ-ერთი მთავარი პირი იყო. თავისი მიმდინარეობა ჰქონდა, „ოდის“ უწოდებდნენ, წმინდანის სახელია, მისი წარმომადგენელივით იყო, როგორც ჰაჯის და შეიხის მიურიდები არიან. თავისი ჯგუფი ჰყავდა. კარგი კაცი იყო. პანკისში სხვა სასაფლაოზე ასეთი აკლდამა არ მინახავს, მაგრამ ჩეჩნეთში, ინგუშეთსა და დაღესტანში ბევრია. რუსთავთან ახლოს, ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლების სასაფლაოზეც მინახავს. ამ აკლდამაში ხალხი მიდიოდა, ვედრებას ვეძახით ჩვენ მას, მივდივართ მის საფლავთან და ღმერთს ვთხოვთ. ქერიმ დუიშვილი თავისი საქმიანობით გამორჩეული იყო, ის ხალხის მიერ წმინდანად არის აღიარებული“, - უთხრა ხასო ხანგოშვილმა პანკისის სათემო რადიოს.

ქერიმ დუიშვილის შვილიშვილმა მედინა დუიშვილმა პაპის აკლდამის გადაწვის შესახებ 3 იანვარს შეიტყო.

„2 იანვარს, ღამით გადაუწვიათ. პაპა ღმერთის შუამავალი იყო. წინასწარ ამბობდა რაც მოხდებოდა. 40 წელზე მეტია ეგ აკლდამა მის საფლავზე დგას. არავის არასდროს დაუზიანებია. რაც გარდაიცვალა, მას შემდეგ დადის იქ ხალხი სალოცავად. ახლაც დადიან, ლოცულობენ. კარი ყოველთვის ღიაა. ზოგს თხოვნა აქვს, ზოგი უშვილო მიდის. ვინც მიდიოდა, ზოგს შვილი გაუჩნდა. სახურავიც ადგილობრივებმა შეცვალეს, შელესეს. ჩეჩნები ჩამოვიდნენ, ზოგი რამ მათ გააკეთეს. აქამდე არასდროს დაუზიანებიათ.

ხეობაში რომ ლაპარაკობენ, ვაჰაბისტების (სალაფიტების) ან მთავრობის გაკეთებულიაო, ამას გამოვრიცხავ. ვიღაცას ალბათ კვალის დაფარვა უნდა. ანაბეჭდების აღებით იქ არაფერი გამოვა. პოლიცია ტყუილად შეაწუხებს ხალხს, ბევრი ადამიანი შედიოდა და გამოდიოდა“, - ამბობს მედინა დუიშვილი.
პანკისის სალაფიტური თემის იმამი აბუ მუსლიმი (ზურაბ ქავთარაშვილი) ვარაუდობს, რომ ქერიმ დუიშვილის აკლდამაში ცეცხლი შესაძლოა დაუდევრობით გაჩნდა ან აკლდამის გადაწვის მიზანი ხეობაში სუფისტებსა და სალაფიტებს შორის კონფლიქტის გაღვივებაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში პანკისის სათემო რადიოს უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე. საქმეს ახმეტის პოლიცია იძიებს. სამართალდამცავებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.