ქართველი მოციგურავეები ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ
ამობეჭდვა · 16 / 01 / 2020 12:13
ქართველი მოციგურავეები ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ

ლოზანაში მიმდინარე ზამთრის მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე დღეს გათამაშდა მედლების ბოლო კომპლექტი ფიგურულ ციგურაობაში. ამჯერად ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოდნენ ე.წ. შერეული ინტერნაციონალური გუნდები. თითოეული გუნდი შედგებოდა მოცეკვავე და სპორტული წყვილების, გოგონათა და ვაჟთა ერთეულთა თანრიგის ფიგურისტებისგან. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

სწორედ ამ დისციპლინაში გაიმარჯვა გუნდმა (Team Courage), რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ალინა ბუტაევა-ლუკა ბერულავას ქართული წყვილი. საქართველოს ფიგურისტებთან ერთად ოლიმპიური ოქროს მედლები მიიღეს ესტონეთის, რუსეთის და იაპონიის სპორტსმენებმა. ესტონეთი ვაჟთა ერთეულებში იყო წარმოდგენილი, რუსეთი – გოგონათა ერთეულებში, იაპონია – ცეკვებში, საქართველო კი – წყვილებში.

ამ დისციპლინაში სულ რვა გუნდი გამოდიოდა. გამარჯვებულმა გუნდმა კონკურენტებს საკმაო უპირატესობით გაუსწრო.