პრინცმა ჰარიმ სამეფო ოჯახის წევრების სტატუსის დატოვების მიზეზები განმარტა
ამობეჭდვა · 20 / 01 / 2020 10:36
პრინცმა ჰარიმ სამეფო ოჯახის წევრების სტატუსის დატოვების მიზეზები განმარტა

პრინცი ჰარის განცხადებით, მას და მეგანს დედოფლისთვის მსახურების გაგრძელება სურდათ, მაგრამ საჯარო დაფინანსების გარეშე, თუმცა, სამწუხაროდ, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

„დიდი ბრიტანეთი ჩემი სახლია, რომელიც ძალიან მიყვარს და ეს არასოდეს შეიცვლება. ბებიის, ჩემი მთავარსარდლის მიმართ ყოველთვის უღრმეს პატივისცემას ვგრძნობდი. იმედი გვქონდა, რომ დედოფლისთვის და გაერთიანებული სამეფოსთვის მსახურების გაგრძელებას შევძლებდით, მაგრამ საჯარო დაფინანსების გარეშე. სამწუხაროდ, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ამ გადაწყვეტილების მიღებისას ვიცოდი, რომ ჩემს ერთგულებას ეს არ შეცვლიდა. მარტივი გადაწყვეტილება არ ყოფილა, თუმცა სხვა არჩევანი არ გვქონია“, - განაცხადა ჰარიმ.

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა 8 იანვარს გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრების სტატუსს ტოვებენ, ფინანსური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მუშაობას აპირებენ, ცხოვრებას კი დიდ ბრიტანეთთან ერთად კანადაში გააგრძელებენ.

18 იანვარს ცნობილი გახდა, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ტიტულებით აღარ ისარგებლებენ და საჯარო სახსრებს არ მიიღებენ, წყვილს აღმატებულობის ტიტული ჩამოერთმევათ, თუმცა ისინი სასექსის ჰერცოგად და ჰერცოგინიად დარჩებიან.