ნავთობისა და გაზის კორპორაცია: "ფრონტერას" საქმეში ქართული მხარის დადანაშაულება არასწორია
ამობეჭდვა · 20 / 01 / 2020 14:49
ნავთობისა და გაზის კორპორაცია: "ფრონტერას" საქმეში ქართული მხარის დადანაშაულება არასწორია

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მრჩეველი, ვაჟა ხიდაშელი, კომპანია „ფრონტერასთან“ დაკავშირებით აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელი წევრის, მარკუეინ მალინის პოზიციას გამოეხმაურა. ხიდაშელის თქმით, ქართული მხარის დადანაშაულება არასწორია.

მისივე თქმით, „ფრონტერასა“ და ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის საარბიტრაჟო დავა მიმდინარეობს, რომელიც პროდუქციის წილობრივი განაწილების კომერციულ ხელშეკრულებას ეხება.

"უახლოეს მომავალში ველოდებით საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, პატივს ვცემ მათ და გადაწყვეტილების შესაბამისად მოვიქცევით“ ,- განაცხადა ვაჟა ხიდაშელმა.

ხიდაშელის განმარტებით, კანონიერების სრული დაცვით მოქმედებენ და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებამდე, თავს იკავებენ ისეთი სახის ჩარევისგან, რომელიც კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობას უკავშირდება.

შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელი წევრმა, მარკუეინ მალინიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართა. ამერიკელი კონგრესმენი „შეშფოთებას გამოთქვამს დემოკრატიული ღირებულებებისგან საქართველოს განგრძობად გადახვევასა და ამასთან დაკავშირებული ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესებასთან დაკავშირებით“.

მარკუეინ მალინი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება შეწყვეტს მტრულ დამოკიდებულებას ამერიკული კომპანიების მიმართა.

მისივე თქმით, „ამერიკული, ასევე ევროპული ბიზნესინტერესები საქართველოში შევიწროებისა და ექსპროპრიაციული თავდასხმის ობიექტები გახდნენ, რისი მაგალითიცაა ნავთობისა და გაზის კომპანია „ფრონტერა“.