კახაბერ კუჭავა და ირაკლი ბერაია ჰაიდი ჰაუტალასს შეხვდნენ
ამობეჭდვა · 21 / 01 / 2020 10:21
კახაბერ კუჭავა და ირაკლი ბერაია ჰაიდი ჰაუტალასს შეხვდნენ

20 იანვარს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტს, ჰაიდი ჰაუტალასს შეხვდნენ.

ქართველმა პარლამენტარებმა ევროპელ კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების შესახებ. ვრცლად მიმოიხილეს საკონსტიტუციო და სასამართლო რეფორმები და ევროინტეგრაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესი.

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას, ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებს, ოკუპირებულ ახალგორში გადასასვლელის ჩაკეტვით გამოწვეულ პრობლემებს და "ბორდერიზაციის" უკანონო პროცესს.

ქართველმა კანონმდებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს საერთაშორისო საზოგადოების, პირველყოვლისა ევროკავშირის მხრიდან, რუსეთზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობა ამ უკანასკნელის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით. მათ შეხვედრისას, ევროპარლამენტის დღის წესრიგში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის მუდმივი შენარჩუნების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წარმომადგენლებმა, ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტს, ჰაიდი ჰაუტალასს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.