“თბილისში მოზარდი ბიჭი შეყვარებულის დასანახად 6 მეტრიდან გადახტა… ეს “გმირობა” თირკმლის ფასად დაუჯდა”
ამობეჭდვა · 21 / 01 / 2020 18:23
“თბილისში მოზარდი ბიჭი შეყვარებულის დასანახად 6 მეტრიდან გადახტა… ეს “გმირობა” თირკმლის ფასად დაუჯდა”

“თბილისში მოზარდი ბიჭი შეყვარებულის დასანახად 6 მეტრიდან გადმოხტა… – ეს “გმირობა” მას თირკმლის ფასად დაუჯდა”. ამის შესახებ მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინის (რეანიმაციის) დეპარტამენტის უფროსი, გია ბიბილაშვილი აცხადებს.

დღესდღეობით როგორია სტატისტიკა მაღალსართულიანი კორპუსიდან მოზარდების გადმოვარდნის შესახებ? ხომ არ მოხშირდა ბოლო პერიოდში?

– მნიშვნელოვანი ცვლილებები სტატისტიკაში არ არის. როგორც იყო წინა წლებში, დღესაც იგივე მაჩვენებელია დაფიქსირებული. წელიწადში დაახლოებით 10-მდე შემთხვევა გვაქვს, შეიძლება, უფრო ნაკლებიც. წელს მოზარდების გარდა იყო მცირეწლოვანი ბავშვის ვარდნის ფაქტიც, რომელიც სამწუხაროდ, ძალიან ცუდად დამთავრდა. არ მინდა მშობლებს გული ვატკინო, მაგრამ ამ შემთხვევაში მომვლელს დიდი ყურადღება მოეთხოვება. ყველას ვურჩევ, მეტი ყურადღება გამოიჩინონ და შეძლებისდაგვარად მიიღონ უსაფრთხოების ზომები.

– გადარჩენილების შემხვევაში რა გარემო ფაქტორი განაპირობებს მათ გადარჩენას?

– რამდენიმე ფაქტორია. გადარჩენილებიც საკმაოდ ბევრი გვყავს. გასულ წელს იყო შემთხვევა, მე-8 სართულიდან გადმოვარდა 15 წლის მოზარდი ბიჭი. საბედნიეროდ, ეს ბავშვი დაეცა მანქანის სახურავს და შემდეგ დავარდა მიწაზე. რეალურად მანქანის ამორტიზაციამ შეაფერხა ვარდნის სიძლიერე, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმებისგან იხსნა. ძალიან რთული და მძიმე გზა გავიარეთ ამ ბავშვთან ერთად. იყო მრავლობითი მოტეხილობები, ქალა-ტვინის ტრავმა, ტვინის მრავლობითიკონტუზიური სისხლჩაქცევები, ქალის ფუძის მოტეხილობა, კიდურების დაზიანება, ფილტვის დაჟეჟილობა, მენჯის ძვლების და ბარძაყის დაზიანება – საბედნიეროდ, სასურველი შედეგით დასრულდა ეს შემთხვევა. ბავშვი უკვე სკოლაში დადის და სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდა. მნიშვნელობა აქვს, სად ეცემა მოზარდი და როგორია ვარდნის მექანიზმი, ანუ როგორ და რა ორგანოთი ეცემა ადამიანი. როდესაც თავით ეცემა, ამ შემთხვევაში ზიანდება თავის ტვინი და პრაქტიკულად სიცოცხლესთან შეუთავსებელ დაზიანებებს იღებს. იყო შემთხვევა, ბავშვი გადმოვარდა მე-5 სართულიდან, ვარდნა განხორციელდა ვერტიკალურად და მიწაზე ფეხებით დავარდა. დაუზიანდა ქუსლის ძვლები, როგორც ქვედა, ისე ზედა კიდურები, მენჯი, ხერხემალი. საბედნიეროდ, თავის ტვინის არანაირი დაზიანება არ ჰქონდა. თავი მეორადად, მსუბუქად დაზიანდა მიწაზე, რადგან პირველად ფეხების საშუალებით შეჩერდა პაციენტი… მე-5 სართულიდან კი არა, 5 მეტრის სიმაღლიდან ვარდნამ შეიძლება გამოიწვიოს ფატალური შედეგი, თუ ხდება თავით დაცემა. ცოტა ხნის წინ გვყავდა მოზარდი ბიჭი, რომელიც 6 თუ 8 მეტრის სიმაღლიდან გადმოხტა შეყვარებულის დასანახად. სამწუხაროდ, ეს თავის მოწონება ერთი თირკმლის ფასად დაუჯდა – დასჭირდა თირკმლის ამოკვეთა.

პაციენტის გადარჩენის საკითხში დიდია ექიმების წვლილი. რა ეტაპებს გადიხართ, რამდენი ძალისხმევა გჭირდებათ, რომ პაციენტს ჯანსაღი და ჯანმრთელი ცხოვრება დაუბრუნოთ?

– სწორედ ამას მიაქვს ჩვენი ცხოვრების ნაწილი (იღიმის). მძიმე ქალა-ტვინის ტრავმა, განსაკუთრებით სიმაღლიდან ვარდნის შემთხვევაში მოითხოვს არა მარტო ექიმის, არამედ მთლიანად სამედიცინო პერსონალის თავდადებულ, თავდაუზოგავ და დახვეწილ შრომას. ნებისმიერი სამედიცინო პროცედურის დაგვიანება ან არამოტივირებული ჩატარება კრიტიკული ავადმყოფისთვის შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. ამდენად, ყველა ჩვენი ჩარევა უნდა იყოს ათასგზის აწონილი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ათასჯერ აწონვის და ფიქრის დრო არ გვაქვს. გადაწყვეტილების მიღების დრო მინიმუმამდეა დაყვანილი. დაგვიანებამაც შესაძლოა ძალიან ცუდი შედეგი გამოიწვიოს. როცა პაციენტი შემოდის მძიმე ტრავმით, ჩვენ ვიწყებთ მის რეანიმაციას და სასიცოცხლო პარამეტრების მოწესრიგებას, პარალელურ რეჟიმში ხდება გარკვევა, რა აქვს დაზიანებული და რით ვუშველოთ ამ დაზიანებებს. არა მარტო ექიმის, ექთნების წვლილიც უზარმაზარია მათი გადარჩენის საკითხში. ძალიან სერიოზული მოვლა სჭირდებათ ასეთ პაციენტებს. თავის ტვინის ტრავმის შემთხვევაში მნიშვნელოვანია მეორადი დაზიანების თავიდან აცილება. ეს ნიშნავს, რომ როცა იღებს ქალა-ტვინის ტრავმას, ის ტრავმა თავისთავად არსებობს, მთავარია ამის შემდეგ პაციენტს შეუქმნა ნორმალური თავის ტვინის საპერფუზიო წნევა, ნორმალური მეტაბოლიზმი. ნებისმიერი კომპონენტის დარღვევამ შესაძლებელია მეორადად დააზიანოს თავის ტვინი. სწორედ ექთნები გვეხმარებიან ვიყოთ დაცული მსგავსი სიტუაციებისგან. რთულია ასეთი ტრავმირებული ბავშვების მართვა მწვავე პერიოდში და სჭირდებათ ხანგრძლივი რეაბილიტაცია. ეს პროცესი თვეობით, ზოგჯერ წლობითაც მიმდინარეობს.

janmrteloba.com