პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაწიყო
ამობეჭდვა · 22 / 01 / 2020 12:06
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაწიყო

თბილისის მერია პარლამენტის შენობის წინ მდებარე მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ  თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სამუშაოების ფარგლებში, მოწესრიგდება 9 აპრილის მემორიალიც.

„დღეს ვიწყებთ პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რადგანაც მიმდებარე ტერიტორია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ასევე, მინდა  ჩემს მოადგილეს სოფიო ხუნწარიას დავავალო, რომ 9 აპრილის მემორიალის მოწესრიგებაც მოხდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის  დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება გასული წლის ივნისში დასრულდა.

„აღნიშნული ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტი გასული წლის ივნისში შევიძინეთ. უშუალოდ სამუშაოების განხორციელება კი დღეს დაიწყება. დაიგება ახალი ფილები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება შადრევნებს, განხორციელდება გამწვანების სამუშაოები. როდესაც სამუშაოები დასრულდება, ეს იქნება ერთ-ერთი ულამაზესი სივრცე“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. 

პროექტი ითვალისწინებს მოედანზე არსებული ფილების დემონტაჟს, ჰიდროსაიზოლაციო ფენის მოწყობას, საკომუნიკაციო ჭების მოწესრიგებას და მთელი პერიმეტრის ფილებით მოპირკეთებას. 

სამუშაოებიდან გამომდინარე, რეაბილიტაციის პროცესში, დროებით გადაიკეტება პარლამენტის მიმდებარე საფეხმავლო გზა.