მოქალაქეებმა, რომლებმაც ბოლო 2 კვირაში ჩინეთში იმოგზაურეს და ვირუსის სიმპტომები აღენიშნებათ, ინფექციურ საავადმყოფოს უნდა მიმართონ
ამობეჭდვა · 23 / 01 / 2020 13:07
მოქალაქეებმა, რომლებმაც ბოლო 2 კვირაში ჩინეთში იმოგზაურეს და ვირუსის სიმპტომები აღენიშნებათ, ინფექციურ საავადმყოფოს უნდა მიმართონ

იმ მოქალაქეებმა, რომლებმაც ბოლო 2 კვირის განმავლობაში ჩინეთში იმოგზაურეს და გარკვეული სიმპტომები აღენიშნებათ, დიაგნოსტიკისთვის ინფექციურ საავადმყოფოს უნდა მიმართონ.

დაავადებათა კონტროლისა და სამოქალაქო ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით, ინფექციური პროფილის სამედიცინო დაწესებულებები ყოველმხრივ მზად არიან ახალი კორონავირუსის შემთხვევის აღმოჩენისას შესაბამისი დახმარება გაუწიონ მოქალაქეებს.

იგეგმება ასევე სამედიცინო პერსონალისა და ცხელი ხაზის ოპერატორების გადამზადებაც იმ კუთხით, რომ დაავადების სიმპტომებთან ერთად მედ.პერსონალმა მოგზაურობის ისტორია დეტალურად გამოიკითხონ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსის შესახებ დღეს საბოლოო ტექსტზე შეჯერდებიან და სამ ენაზე (ქართულ, ინგლისურ და ჩინურ ენებზე) დაიბეჭდება ბუკლეტები და ფლაერები, რომლებიც ქვეყანაში შემომსვლელებსა და გამსვლელებს სიმპტომატიკის შესახებ ინფორმაციას გააცნობს.

ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში საგანგებო სხდომა გუშინ გაიმართა, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ახალ სამოქმედო ეტაპებთან დაკავშირებით მიღებული არ არის.

ჩინეთის მთავრობამ კორონავირუსის გამო უხანში კარანტინი გამოაცხადა, ქვეყანაში ბოლო ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა17-მდე გაიზარდა, ხოლო ვირუსის დიაგნოზი 400-ზე მეტს დაუსვეს.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ - ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.