ელისაბედ მეორემ Brexit-ის შესახებ კანონს ხელი მოაწერა
ამობეჭდვა · 23 / 01 / 2020 19:54
ელისაბედ მეორემ Brexit-ის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ ხელი მოაწერა კანონს Brexit-ის შესახებ, რომელიც ქვეყანას 31 იანვარს ევროკავშირიდან გასვლის საშუალებას მისცემს. ამის შესახებ Sky News-ი იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, ბრიტანეთის პარლამენტის წევრებს დედოფლის გადაწყვეტილების შესახებ თემთა პალატის სპიკერის მოადგილე ნაიჯელ ევანსმა შეატყობინა.

ახლა დოკუმენტის რატიფიცირებაზე ევროპარლამენტმა უნდა იმსჯელოს.

ბრიტანეთის პარლამენტის ორივე პალატამ ევროკავშირიდან ქვეყნის გამოსვლის შესახებ კანონპროექტს მხარი 23 იანვარს დაუჭირა.

2019 წლის დეკემბერში პრემიერ ბორის ჯონსონის კონსერვატორულმა პარტიამ , რომელიც მხარს უჭერდა სწრაფ Brexit-ს, საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. 2020 წლის 9 იანვარს ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატამ კანონპროექტი დაამტკიცა, შემდეგ კი დოკუმენტი განსახილველად ზედა, ლორდთა პალატაში გადაიგზავნა.

ბრიტანეთის გადაწყვეტილება ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ქვეყნის ეკონომიკას $173,8 მილიარდი უკვე დაუჯდა.