მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის სახელით იასპარეზებს
ამობეჭდვა · 29 / 01 / 2020 21:49
მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის სახელით იასპარეზებს

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი, რომელსაც დაპისირპირება ჰქონდა ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან, კარიერას სერბეთში გააგრძელებს. ინფორმაციას ამის შესახებ ზურაბ დათუნაშვილმა On.ge-ს დაუდასტურა. როგორც დათუნაშვილი ამბობს, ქვეყნიდან წასვლის მიზეზი პრეზიდენტთან დაპირისპირება გახდა.

ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად Recorder-მა გაავრცელა. როგორც გამოცემა წერს, სერბეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, ზელკო ტრაიკოვიჩის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველმა მოჭიდავემ სერბული პასპორტი რამდენიმე თვის წინ მიიღო, ნაკრები კი ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებას დეკემბრიდან შეუდგა.

2019 წლის 11 იანვარს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დროს ინციდენტი მოხდა. რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს მუშტი სახეში საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა თამაზ (გეგა) გეგეშიძემ ჩაარტყა. ვიდეომასალის მიხედვით, ფედერაციის პრეზიდენტში ხელში რაღაც ნივთი უჭირავს, რომელსაც სპორტსმენის მიმართულებით იქნევს და შემდეგ მუშტს არტყამს. ამ ფაქტის შემდეგ დათუნაშვილს სახიდან სისხლი მოსდის.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით 22 იანვარს, საღამოს დააკავეს. გამოძიების ვერსიით, 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს. მოჭიდავეების ნაწილი ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის დაკავებას აპროტესტებს. ისინი გეგეშიძის გათავისუფლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირება ინციდენტი იყო, რომელიც ფედერაციაშივე უნდა დასრულებულიყო.

გეგეშიძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ 24 იანვარს იმსჯელა. მან ციხე 5 000 ლარის გადახდის შემდეგ დატოვა. გარდა ამისა, მან ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეინარჩუნა.

ამ ინციდენტის შემდეგ დათუნაშვილი ამბობდა, რომ არჩევანის წინაშეა დაასრულოს კარიერა ან სხვა ქვეყნის სახელი იასპარეზოს. გარდა ამისა, სპორტსმენი აცხადებდა, რომ ჭიდაობის ფედერაცია კარიერის დასრულებას აიძულებდა, რადგან სხვა ქვეყნის სახელით ჭიდაობის უფლებას არ აძლევდნენ. მაშინ ფედერაცია ბრალდებებს უარყოფდა, ხოლო გეგეშიძე ამბობდა, რომ დათუნაშვილმა ქვეყნიდან წასვლა დიდი ხნით ადრე გადაწყვიტა.