თბილისის ბაღებს სმენის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის გათვალისწინებული სიმღერათა კრებული გადაეცემა
ამობეჭდვა · 30 / 01 / 2020 17:28
თბილისის ბაღებს სმენის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის გათვალისწინებული სიმღერათა  კრებული გადაეცემა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სმენის დარღვევების მქონე ბავშვებისათვის გათვალისწინებული სპეციალური სიმღერების კრებულის შეტანა იგეგმება. ბაღებში ახალი საგანმანათლებლო კომპონენტის დანერგვის მიზნით თანამშრომლობის საკითხები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ საქველმოქმედო ფონდ „აი იას“
წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა.

შეხვედრაზე ფონდის წარმომადგენლებმა, სალომე ბარბაქაძემ, ქეთევან პეტრიაშვილმა და მაია გოგოლაძემ მზადყოფნა გამოთქვეს გამართონ სამუშაო შეხვედრა თბილისის ბაღებში მომუშავე მუსიკის პედაგოგებთან კრებულის სააღმზრდელო პროცესში გამოყენების შესახებ და სამომავლოდ, მეთვალყურეობა გაუწიონ მისი დანერგვის პროცესს.

კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, სააგენტო უზრუნველყოფს სახელმძღვანელოს შეტანას საბავშვო ბაღებში და ასევე ხელს შეუწყობს ბაღების სხვა საჭირო ინვენტარით აღჭურვას სმენის დარღვევების მქონე ბავშვების სააღმზრდელო პროცესში ეფექტური ჩართვისა და განვითარებისათვის.

ორენოვანი სანოტო კრებულის, „ქართული სიმღერა-თამაშების“ პრეზენტაცია 25 იანვარს საქართველოს განათლების სამინისტროში გაიმართა. ეს პირველი კრებულია, რომელიც მსოფლიოში გავრცელებული ნორდოფ-რობინსის მუსიკის თერაპიის პრინციპებზე არის დაფუძნებული და მასში შესული კომპოზიციების შექმნაზე ერთობლივად მუშაობდნენ გერმანიაში მოღვაწე მუსიკათერაპევტი მარინა რაიდტ-ალთუნაშვილი და საქველმოქმედო ფონდ ,,აი იას“ გუნდის
წევრები და კომპოზიტორები – სალომე ხუციშვილი და თამარ ჟორდანია.