“ეს ქართული ჟურნალისტიკის ფსკერია!” - გიორგი კალანდია
ამობეჭდვა · 01 / 02 / 2020 11:43
“ეს ქართული ჟურნალისტიკის ფსკერია!” - გიორგი კალანდია

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„მოკლედ, ქართული მედია აშკარა კრიზისშია, დღე არ გავა, არ დადონ ინფორმაცია ადამიანის გარდაცვალების შესახებ! არ აქვს მნიშვნელობა, ეს ადამიანი ცნობილია, საზოგადო მოღვაწეა, ან რამე განსაკუთრებული მოხდა მის თავს და ამიტომ გარდაიცვალა! არა, აქ მთავარია, რომ გარდაიცვალა! რატომ გვზაფრავთ, ხალხო, რა უბედურებაა ეს!? არავინ იბადება ამ ქვეყანაში, ყველა კვდება ნუთუ?! მაშინ რატომ არ დებთ იმას, ვინ და როდის დაიბადა?! შეიძლება, ყველგან და ყოველთვის სიკვდილს აჩვენებდეთ, დიახ, ადამიანები მსოფლიოში ყოველ წუთას კვდებიან, დიახ, ყოველ წუთას, საქართველოში ალბათ ცოტა უფრო მეტი დროის მონაკვეთში, მაგრამ სიკვდილი არსებობს და არ არის ამის ყოველ წუთას შეხსენება საჭირო ამ ისედაც დანევროზებული, დაფსიქოზებული საზოგადოებისთვის. ერთი თვეა უცხოეთში ვარ და საშინელებების გარდა არაფერს ვკითხულობ ჩემი ქვეყნის გარშემო! გავიხედავ გვერდით, ჩემი უცხოელი მეგობრების გვერდებზე ხან კოსმოსში ახალ მიღწევებზე, ხან მარსზე, დნმ-ზე, ახალი მანქანის მოდელებზე, მოდის მიღწევებზეა გაშლილი სიახლეები! ჩვენთან კიდე ლამის ყველა ავტოავარია, ყველა უბედურება, ბუნებრივი თუ შემთხვევით მომხდარი სიკვდილი გააშუქონ! პანაშვიდი, გასვენება, შემოსვენება, კუბო, მგლოვიარე სახეები, მოთქმა – ამ კადრების ჩვენება, სააშკარაოზე გამოტანა უკვე ტრენდად იქცა, არადა, გლოვა, მწუხარება ჩემი აზრით, ძალიან პრივატული ამბავია, არა მგონია, მას ასე სააშკარაოზე გამოტანა უხდებოდეს! ზოგჯერ მგონია, მალე ჟურნალისტები პირდაპირ მორგს შეუერთებენ ამ ქვეყანას და საზოგადოებას! ეს იმიტომ ხდება, რომ ამისთანა ინფორმაციებზე მოთხოვნა არსებობს საზოგადოებაში, ჩვენი ხალხიც ამას მისჩიჩინებია, სულ ამას კითხულობს და აზიარებს! ამ ჩემთვის უხერხული პოსტის დაწერა მორიგმა „ნიუსმა“ გადამაწყვეტინა, როცა წავიკითხე, რომ „კიდევ ორი ქართველი ემიგრანტი გარდაცვლილა“, მეგონა, რაღაც მიზანმიმართული მკვლელობა მოხდა, გავხსენი და გავიგე, რომ ორივე ცხონებული ავადმყოფობით გარდაცვლილა, ამას უკვე სიკვდილით ვაჭრობა ჰქვია და ეს ქართული ჟურნალისტიკის ფსკერია! გასაგებად ვამბობ, არ არის საუბარი ახლობლის და მეგობრის გარდაცვალებაზე (ყველას ღმერთმა გვაშოროს), ლაპარაკია სიკვდილის ჟურნალისტიკაზე, მე პირადად ყველა იმ გამოცემასთან ვაუქმებ ხელმოწერას, ვინც ასეთ რამეებს კადრულობს, ყველას იმავეს მოგიწოდებთ! თუ გინდათ, ოდესმე საზოგადოებად ვიქცეთ!“ – წერს კალანდია.