"ოსკარმა" ნახვების ანტირეკორდი მოხსნა
ამობეჭდვა · 11 / 02 / 2020 12:57
"ოსკარმა" ნახვების ანტირეკორდი მოხსნა

"ოსკარის" 92-ე დაჯილდოების ცერემონიამ, რომელიც 9 თებერვალს ლოს-ანჯელესის „დოლბის“ თეატრში გაიმართა, ნახვების ანტირეკორდი დაამყარა. ამის შესახებ ინფორმაციას კვლევითი კომპანია Nielsen ავრცელებს.

მკვლევარების ცნობით, 2019 წელთან შედარებით "ოსკარის" მაყურებელთა რაოდენობა 20%-ით, ანუ დაახლოებით 6 მილიონი ადამიანით შემცირდა. შესაბამისად, წელს სატელევიზიო აუდიტორიამ 23,6 მილიონი ადამიანი შეადგინა.

დათვლის დროს სპეციალისტები მხოლოდ ტელეარხ ABC-ის ნახვის მაჩვენებელს ითვალისწინებდნენ. სტრიმინგ-სერვისების სტატისტიკა კვლევის დროს გათვალისწინებული არ იყო. 

ცნობისთვის, წინა ანტირეკორდი 2018 წელს დაფიქსირდა. მაშინ "ოსკარს" სატელევიზიო ეთერით 26,5 მილიონმა ადამიანმა უყურა.