სულხან-საბას სკვერის რეაბილიტაცია იწყება
ამობეჭდვა · 13 / 02 / 2020 18:14
სულხან-საბას სკვერის რეაბილიტაცია იწყება

მთაწმინდის ქ. N4-ში სულხან-საბას სახელობის სკვერის სრული რეაბილიტაცია იწყება. მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სკვერის რეაბილიტაციის პროექტის დეტალები გააცნო.



მთაწმინდის გამგებელმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სამუშაოების წარმოების დროს, მოსახლეობის ინტერესებისა და იდეების გათვალისწინება მაქსიმალურად მოხდება. პროექტის საბოლოო ვერსია კი, რომელშიც ადგილობრივების მოსაზრებები აისახება, დასამტკიცებლად, თბილისის მერიის შესაბამის სამსახურს გადაეგზავნება.



„სულხან საბას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე იქნება უფასო ინტერნეტი, აღდგება შადრევნები და გაშენდება მწვანე ნარგავები. სამუშაოების დროს გამოყენებული იქნება მაღალი ხარისხის მასალა. შესაბამისად, იგი ისეთივე მაღალი ხარისხის და სტანდარტების იქნება, როგორიც არის ვილნიუსის სკვერი“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.



სულხან-საბას სახელობის სკვერი ისტორიული ადგილმდებარეობისაა და 1 800 კვ.მ ფართობს მოიცავს. სკვერი რეკრეაციული სივრცეების განვითარების კუთხით მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენს. იგი ევროპული სტანდარტების შესაბამისად განახლდება.


ტერიტორიაზე შენარჩუნდება მწვანე საფარი და ახალი ნარგავებითაც გაშენდება; მოეწყობა დეკორატიული შადრევანი. ასევე, განთავსდება საბავშვო ზონები, დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის ატრაქციონები; სრულიად შეიცვლება და მხატვრული ეფექტით განახლდება განათების სისტემა; მოეწყობა ადაპტირებული წყარო; დაიდგმება თანამედროვე ტიპის ურნები.