არჩილ თალაკვაძე - პარტნიორებთან საერთაშორისო ასპარეზზე თანამშრომლობას გავაგრძელებთ, ხოლო ოპოზიციას არჩევნებზე შევხვდებით
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2020 12:48
არჩილ თალაკვაძე - პარტნიორებთან საერთაშორისო ასპარეზზე თანამშრომლობას გავაგრძელებთ, ხოლო ოპოზიციას არჩევნებზე შევხვდებით

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ასოცირების დეკლარაციის საკითხი საქართველოს ევროპულ არჩევანსა და ევროპულ გზას ვერ შეცვლის.
მისი თქმით, მეგობრებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობა და მუშაობას გრძელდება.

„მეგობრებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობასა და მუშაობას ვაგრძელებთ. ნებისმიერ საკითხზე გახსნილი თანამშრომლობა გვექნება. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ არჩევნებზე შევხვდებით.
ჩვენთვის საარჩევნო წელს მთავარი ამოცანაა, ვიმუშაოთ საზოგადოებასთან, მოქალაქეებთან და მოვემზადოთ არჩევნებისთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი შეფასებით, მოსალოდნელიც იყო, რომ საარჩევნო წელი დაძაბული იქნებოდა.

„ვხედავთ, რომ ოპოზიციის ნაწილი, რომელსაც აქვთ ნულოვანი ან დაბალი მხარდაჭერა ქვეყანაში, ძირითადად, თავის წინასაარჩევნო კამპანიას საზღვარგარეთ ახორციელებს. ჩვენთვისთვის პრიორიტეტია მოქალაქეები. მათ ავუხსნით, რა არის სამომავლო გეგმები და რის გაკეთებას ვაპირებთ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში. პარტნიორებთან და მეგობრებთან საერთაშორისო ასპარეზზე თანამშრომლობას გავაგრძელებთ, ხოლო ოპონენტებსა და ოპოზიციას არჩევნებში ველოდებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ მედიასთან.

რაც შეეხება ევროპარლამენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ევროპის სახალხო პარტია“ 2012 წელსაც და მანამდეც „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირე პოლიტიკური პარტია იყო.

„ისიც გახსოვთ, 2012 წლისა და შემდეგი წლის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. ეს არის პოლიტიკური პროცესი, ევროპარლამენტიც არის პოლიტიკური ორგანო და ბუნებრივია, იქაც პოლიტიკური განსხვავებები ნორმალურია. მგონი, ეს არ უნდა იწვევდეს დამატებით დაძაბულობას. მინდა, ჩვენი საზოგადოება დავამშვიდო და ვუთხრა, რომ საარჩევნო წლის გათვალისწინებით, ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტის სპიკერი ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანია და მთავარ გადაწყვეტილებას სწორედ მოქალაქეები მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ 13 თებერვალს სტრასბურგში, ევროკავშირი-საქართველოს ​ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ.