ქედაში ზვავი ჩამოწვა - მაღალმთიან აჭარაში თოვლმა პრობლემები შექმნა
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2020 12:52
ქედაში ზვავი ჩამოწვა - მაღალმთიან აჭარაში თოვლმა პრობლემები შექმნა

ქედის მუნიციპალიტეტში ზვავი ჩამოწვა. "რუსთავი2"-ის ინფორმაცით, უხვმა ნალექმა და ქარბუქმა მაღალმთიან აჭარის საავტომობილო გზებზე პრობლემები შექმნა. გზების გაწმენდის სამუშაოები, რომელიც გვიან ღამემდე გაგრძელდა, დილიდან განახლდა.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ძირითად პრობლემად შიდა სასოფლო გზებზე არსებული ნალექი რჩება. რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება. აჭარის მაღალმთიან რაიონში სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბებია შექმნილი. თოვლის საფარი აჭარის მაღალმთიან სოფლებში მეტრ ნახევარს აღემატება.

"თოვლის საფარი დაახლოებით 1 მეტრს აღწევს, თუმცა მობილიზებულია ყველა სამსახურები, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობები, ასევე აჭარის საგზაო დეპარტამენტი და ასევე ცენტრალურ საგზაო დეპარტამენტთან ერთად პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები," - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.