ცოფიანი ძაღლის მიერ დაკბენილი კაცი აცრაზე უარს ამბობს - შემთხვევა კახეთში
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2020 13:16
ცოფიანი ძაღლის მიერ დაკბენილი კაცი აცრაზე უარს ამბობს - შემთხვევა კახეთში

კახეთში ცოფის შემთხვევა გამოვლინდა. "იმედინიუსის" ცნობით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მიუსაფარმა ძაღლმა ორი კაცი დაკბინა.

ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი მაკა ხმალაძე ამბობს, რომ ცოფის შემთხვევა ლაბორატორიული გამოკვლევით დადასტურდა.

„შინაური ცხოველის მიერ დაკბენილი ერთი-ერთი კაცი ვაქცინაციაზე უარს ამბობს, შესაბამისად, ჩვენი სპეციალისტები ყველაფერს აკეთებენ, რომ ის მკურნალობის საჭიროებაში დაარწმუნონ. რაც შეეხება მეორე დაკბენილ კაცს, მას უკვე უტრდება მკურნალობა“, - განაცხადა ხმალაძემ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ადგილზე იმყოფებიან და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვეტერინარულ ღონისძიებებს, სადეზინფექციო სამუშაოებს და დაავადების ამთვისებელი ცხოველების იძულებით ვაქცინაციას ატარებენ.

სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, მაქსიმალურად ითანამშრომლონ ვეტერინარებთან, დროულად ჩაუტარონ საკუთარ ცხოველებს ვაქცინაცია, ხოლო საეჭვო ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის შემთხვევაში, მიმართონ ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებს.

ცოფი საშიში მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებით, რაც ლეტალური შედეგით სრულდება. ადამიანის და ცხოველის ინფიცირება ხდება ცოფით დაავადებული ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის და დადორბლის შედეგად. სურსათის ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით, ყოველწლიურად ახორციელებენ ცოფის საწინააღმდეგოდ პატრონიანი და მიკედლებული ძაღლებისა და კატების პროფილაქტიკურ ვაქცინაციას.

2019 წელს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ვაქცინირებულია (პროფილაქტიკური და იძულებითი ვაქცინაცია) 300 ათასამდე დაავადების ამთვისებელი ცხოველი.