არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, საერთაშორისო პრესის გამოყენებით გააჟღეროს თავისი პოზიციები
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2020 14:28
არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, საერთაშორისო პრესის გამოყენებით გააჟღეროს თავისი პოზიციები

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სტატია, რომელიც სააგენტო Bloomberg-მა „ქართული ოცნების“ მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავების თაობაზე გამოაქვეყნა, დიდი ალბათობით, დასპონსორებულია. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ოპოზიციური პარტიების ნაწილი, რომელსაც აქვთ ქვეყანაში დაბალი ან ნულოვანი მხარდაჭერა, თავის წინასაარჩევნო კამპანიას საზღვარგარეთ ახორციელებს, ვინაიდან მათ იციან, რომ საქართველოს მოსახლეობა მათ მხარს არ უჭერს. ისინი ცდილობენ საზღვარგარეთ, მათ შორის საერთაშორისო პრესის და გაზეთების გამოყენებით გააჟღერონ თავისი პოზიციები. Bloomberg-ის სტატია, მაღალი ალბათობით, არის დასპონსორებული. მათ არ გაუშუქებიათ ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა 3 მილიარდი დახარჯა საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით, დღეს კი სააგენტო წერს, თითქოს ივანიშვილი 77 ათას დოლარს ხარჯავს. 3 მილიარდსა და 77 ათასს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. რაც შეეხება კომპანიებს, აშშ-ის და საქართველოს კანონმდებლობის დაცვით, ბიძინა ივანიშვილს და სხვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააფორმოს ხელშეკრულება და გამოიყენოს ამა თუ იმ კომპანიის მომსახურება თავისი სტრატეგიული მიზნებისთვის“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, სააგენტო Bloomberg-მა „ქართული ოცნების“ მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავების თაობაზე სტატია გამოაქვეყნა.