დავით ზალკალიანი: აშშ-სთან ვსაუბრობთ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების იმ დონეზე აყვანაზე, რა დონეც გვაქს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2020 15:00
დავით ზალკალიანი:  აშშ-სთან ვსაუბრობთ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების იმ დონეზე აყვანაზე, რა დონეც გვაქს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში

„მოსაზრება საქართველოში ამერიკული ბიზნესის შევიწროების შესახებ აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას. 270-ზე მეტი ამერიკული კომპანიაა საქართველოში დარეგისტრირებული და არცერთი კომპანიის მხრიდან მსგავსი სახის პრეტენზიები არ არსებობს“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა კომპანია Frontera Resources-ის საკითხზე ამერიკელი კონგრესმენის წერილთან დაკავშირებით.

მინისტრის განცხადებით, Frontera Resources-ის საქმეს განიხილავს სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლო და ყოველგვარი სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით, მიუღებელია. ქართული მხარე იმოქმედებს სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.

„აშშ-სთან ვსაუბრობთ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების იმ დონეზე აყვანაზე, რა დონეც გვაქვს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ვსაუბრობთ თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობების გახსნის პერსპექტივაზე. მერწმუნეთ, არანაირ სანქციებზე საუბარი არ არის და არც იქნება მომავალში. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე არ დაემუქროს.

14-16 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც მონაწილეობს მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების 56-ე კონფერენციაში.