საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს, გადამოწმების პერიოდში, საარსებო შემწეობის მიღება არ შეუჩერდებათ
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2020 15:02
საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს, გადამოწმების პერიოდში, საარსებო შემწეობის მიღება არ შეუჩერდებათ

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას კომიტეტის ინიციატივა გააცნო, რომლის მიხედვითაც, საარსებო შემწეობის მიმღებ პირებს, სტატუსის გადამოწმების პერიოდში, საარსებო შემწეობის მიღება შეუნარჩუნდებათ.

„ქვეყანაში სოციალური დაუცველი ოჯახებისათვის მოქმედებს დახმარების პროგრამა, რომელითაც 430 ათასი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები სარგებლობენ. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ პერიოდულად საჭიროებს გარკვეულ, დასაბუთებულ ცვლილებებს. დღეის მდგომარეობით გადამოწმების დროს, რაც ასევე აუცილებელი პროცედურაა, სტატუსის მატარებელ ოჯახებს დროებით უჩერდებათ დახმარება. მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს ნაწილს განაცდური სრულად უნაზღაურდებათ, მაინც მძიმეა მათთვის ეს პერიოდი, რადგან ისინი სიღარიბის პირისპირ ბედის ანაბარა რჩებიან.

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი გამოდის ინიციატივით , რომ საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების პერიოდში არ შეუჩერდეთ საარსებო შემწეობის გაცემა. შემდეგ კი გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე გაგრძელდეს ან შეწყდეს მათი პროგრამაში მონაწილეობა. ამისათვის საჭიროა დამატებით 5.4 მლნ. ლარი. ამ გადაწყვეტილებით, ოჯახებს გადამოწმების პერიოდშიც, ახალი სარეიტინგო ქულის მინიჭებამდე უწყვეტად მიეცემათ საარსებო შემწეობა.

ეს იქნება მოსახლეობის საკეთილდღეოდ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი და მისი განხორციელებით რისკის ქვეშ არ დადგება საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა. ინიციატივასთან დაკავშირებით კონსულტაციები გავლილია შესაბამის უწყებასთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. გადაწყვეტილება მიღებულია, ცვლილება ძალაში შევა მიმდინარე წლის აპრილის თვიდან“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნულ ფინანსურ რესურს სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს და მისი გამოყოფას შესაბამისი სამინისტრო უზრუნველყოფს.