სასამართლომ ფოთის ყოფილ მერს პატიმრობა 50 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2020 16:26
სასამართლომ ფოთის ყოფილ მერს პატიმრობა 50 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ფოთის ყოფილ მერს, ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

ირაკლი კაკულიას 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ზურაბ ყურუა, ნიკოლოზ გრიგოლია და ლევან ჩოჩია კი, 30-30 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2019 წლის 8 ნოემბერს სამი მოქმედი, ერთი კი ყოფილი საჯარო მოხელე დააკავა. მათ შორის ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და ამჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია იყო.

მათ ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება. გამოძიების ინფორმაციით, მოხელეებმა 528 821 ლარი მიიტაცეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 182-ე, 338-ე, 332-ე, 342-ე და 210-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.