გიორგი გახარია და ფატუ ბენსუდას შეხვდა
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2020 17:55
გიორგი გახარია და ფატუ ბენსუდას შეხვდა

2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ შეხვედრაზე, რომელიც დღეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

საუბრისას აღინიშნა ქართული მხარის ნაყოფიერი თანამშრომლობა პროკურორის ოფისთან, რათა დეტალურად იყოს გამოძიებული ქართული მხარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრიორიტეტები, როგორებიცაა ქართველების ეთნიკური წმენდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ქართველი სამხედრო ტყვეების წამება და წამების შედეგად დამდგარი სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა აღნიშნა გამოძიებაში არსებული პროგრესი და ყურადღება გაამახვილა იმ ძალიან დიდ ძალისხმევაზე, რომლის გაწევაც მის გამომძიებლებს უხდებათ, რათა გამოძიება კიდევ უფრო ნაყოფიერად და სწრაფი ტემპით წარიმართოს.

ქართულმა მხარემ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, მომავალშიც განაგრძოს პროკურორის ოფისთან თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს მას აგვისტოს ომის დროს ეთნიკური ქართველების უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტების წარმატებით გამოძიების პროცესში.

შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი დაესწრნენ.