როგორი მდგომარეობაა თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში? - ომბუდსმენმა პაციენტები მოინახულა
ამობეჭდვა · 17 / 02 / 2020 13:36
როგორი მდგომარეობაა თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში? - ომბუდსმენმა პაციენტები მოინახულა

სახალხო დამცველმა თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი მოინახულა 2020 წლის 14 თებერვალს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ შპს „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“ მოინახულა. სახალხო დამცველმა დაათვალიერა დაწესებულების ქალთა და კაცთა განყოფილებები, სასადილო სივრცე; შეხვდა და გაესაუბრა სტაციონარში მყოფ პაციენტებს და ცენტრის პერსონალს.

ვიზიტის შედეგად გამოიკვეთა, რომ პრობლემურია დაწესებულების მოძველებული ინფრასტრუქტურა, გადატვირთულობა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ცენტრში არსებული მდგომარეობა არ ქმნის ხელსაყრელ თერაპიულ გარემოს.

პაციენტები არ არიან უზრუნველყოფილი სათანადო საყოფაცხოვრებო პირობებით. არ აქვთ პირადი ნივთების შესანახი კარადები. განყოფილებებში არ დგას სკამები, რბილი ავეჯი. თამბაქოს მოსაწევი ადგილი არ არის იზოლირებული განყოფილების საერთო სივრციდან. შენობაში დგას მძაფრი სპეციფიური სუნი. პაციენტები მოკლებული არიან ყოველდღიური გასეირნების შესაძლებლობას. სველ წერტილებში არ მოდის ცხელი წყალი, რის გამოც მათ პირადი ჰიგიენის დაცვა ცივი
წყლის გამოყენებით უწევთ.

სტაციონარისთვის არსებული დაფინანსება აბრკოლებს პაციენტთა სათანადოდ მოვლის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხარისხს. ბენეფიციართა შორის ხშირია კონფლიქტისა და ძალადობის შემთხვევები. არ ხდება ასეთი შემთხვევების სათანადო მართვა, არ ხორციელდება ძალადობის პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებები.

დაწესებულებას არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის პერსონალი. ამასთან, არც დასაქმებულებს აქვთ სათანადო სამუშაო პირობები.
სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს გააძლიერონ ღონისძიებები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიმართულებით. დროულად მოხდეს სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავება, თემზე დაფუძნებული და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისების რაოდენობის ზრდა.