მთავრობის ხელშეწყობით, ჩინეთიდან სამშობლოში საქართველოს 34 მოქალაქე დაბრუნდა
ამობეჭდვა · 22 / 02 / 2020 11:06
მთავრობის ხელშეწყობით, ჩინეთიდან სამშობლოში საქართველოს 34 მოქალაქე დაბრუნდა

საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, ჩინეთიდან სამშობლოშ საქართველოს 34 მოქალაქე დაბრუნდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

„მოქალაქეების დაბრუნდნენ სპეციალური თვითმფრინავით, რომელიც საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო. შემოსვლისას თითოეულ მათგანს ჩაუგარდა თერმოსკრინინგი, ეპიდემიოლოგის კონსულტაცია, ადგილზე იმყოფებოდნენ კლინიცისტი ექიმებიც. თითოეულმა მათგანმა შეავსო გარკვეული კითხვარი, თუ სად იმყოფებოდნენ ბოლო დღეებისა და კვირების განმავლობაში, ჰქონდათ თუ არა შეხება კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანებთან“, - აცხადებს გამყრელიძე.

მისივე თქმით, ჩინეთიდან დაბრუნებული საქართველო მოქალაქეები ორკვირიან კარანტინს გაივლიან.

„საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში გამოიყო შესაბამისი ფართი, სადაც მათ სპეციალისტები ორი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე მათგანს შესაძლებელია ჰქონოდა შეხება კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთან, ამიტომაც აუცილებელი იყო ამ ტიპის ღონისძიების გატარება. არც ერთს მათგან არც ტემპერატურა დაფიქსირებია, არც საეჭვო სიმპტომები, რომელიც კორონავირუსულ ინფექციას ახასიათებს, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩაითვალა საჭიროდ, რომ მათ ორი კვირა უნდა გაატარონ კარანტინში შესაბამისი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. თუ ამ ორი კვირის განმავლობაში რომელიმე მათგანს დაეწყება რესპირაციული სიმპტომები, მაშინ მათ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გადავიყვანთ”, - აღნიშნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა დანარჩენი მოქალაქეების საქართველოში ჩამოყვანა, გამყრელიძემ განაცხადა, რომ ეს მოქალაქეთა სურვილისამებრ ხდება.

„ეს გახლდათ სურვილის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც ცხოვრობდნენ ჩინეთში, მიმართეს საქართველოს საელჩოს ჩინეთში და სახელმწიფომ უზრუნველყო მათი გადმოყვანა ჩინეთიდან. თუ იქნება შემდგომში ასეთი სურვილი, ეს საკითხი ასევე განიხილება”, - განაცხადა გამყრელიძემ.