საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
ამობეჭდვა · 27 / 02 / 2020 11:27
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის  წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის  ადვოკატებს უმასპინძლა. 
 
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გენერალური პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს წარმომადგენლები. 
 
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ფუნქციონირების საკითხები, მთავარი გამოწვევები და ბოლო წლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგად მიღებული ეფექტური შედეგები. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამმართველოს მიღწევებსა და იმ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტის მიზნით ფართომასშტაბიანი სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. 
 
აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებმა ქართველ პროკურორებს გაუზიარეს კონკრეტულ საკითხებთან მიმართებით საკუთარი ხედვა და გამოცდილება.  მხარეებმა ასევე განსაზღვრეს  სამომავლო თანამშრომლობის მიზნები და შესაძლებლობები.