მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
ამობეჭდვა · 28 / 02 / 2020 21:07
მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე, პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ - „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე, პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება და დაუყოვნებლივ დაიწყეს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.

შეზღუდული ხილვადობის, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ხმელ ბალახზე გავრცელებული ხანძრის ქრობას 60-მდე მეხანძრე-მაშველი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ახორციელებს. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ
არსებობს.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. „ინტენსიურად გრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ნახანძრალი ტერიტორიის მონიტორინგის მიზნით, მთაწმინდის ფერდობის მიმდებარედ მთელი ღამის განმავლობაში დარჩება 1 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“,- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.