ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი მიწისქვეშა სარკინიგზო გზაგამტარი გაიხსნა
ამობეჭდვა · 04 / 03 / 2020 15:15
ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი მიწისქვეშა სარკინიგზო გზაგამტარი გაიხსნა

კრწანისის რაიონში, ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი მიწისქვეშა სარკინიგზო გზაგამტარი გაიხსნა. დასრულებულ პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად  გაეცნო.  

დედაქალაქის მერის განცხადებით,  ახალი გზაგამტარი  ზემო  და ქვემო  ფონიჭალის  ერთმანეთთან დამაკავშირებელ აქამდე არსებულ 5-კილომეტრიან მონაკვეთს 100 მეტრამდე ამცირებს. 

„განხორციელდა როგორც ქალაქისთვის, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტი. ეს არის ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი გზაგამტარი. ზემო და ქვემო ფონიჭალის მოსახლეობას დაახლოებით, 5-კილომეტრიანი საავტომობილო გზის გავლა უწევდა. ამ კონკრეტული პროექტით კი სადგურის ქუჩა ღოღობერიძის ქუჩას დავუკავშირეთ. იცით, რომ ზემო და ქვემო ფონიჭალას  ერთმანეთისგან  რკინიგზის  მაგისტრალი ყოფს. შესაბამისად, გვირაბი რკინიგზის ქვეშ გავიყვანეთ და ახლა ზემო და ქვემო ფონიჭალას შორის დაშორება მხოლოდ 100 მეტრია. ეს ადგილობრივებს შეუმცირებს ხარჯებს და პირველ რიგში, გადაადგილებას გაუმარტივებს. ყველა რაიონსა და უბანში მუშაობას გავაგრძელებთ და ყველა იმ  ინფრასტრუქტურულ პროექტს განვახორციელებთ, რომლის საჭიროებაც არსებობს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

სარკინიგზო გზაგამტარის მშენებლობა და მასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა აწარმოა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო გვირაბთან მისასვლელი საავტომობილო გზა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა გარე განათების ქსელს. 

ზემო და ქვემო ფონიჭალის დასახლებებს რკინიგზის ხაზი კვეთს, რომლის გადაკვეთის უახლოესი წერტილი მარნეულისა და რუსთავის გზატკეცილების გადაკვეთის ადგილია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ორ ახლომდებარე დასახლებას შორის უმოკლესი სამანქანო გზის მანძილი ხუთი კილომეტრია. 

მიწისქვეშა სარკინიგზო გზაგამტარი ღოღობერიძის ქუჩის მიმდებარედ, რკინიგზას გვირაბის საშუალებით კვეთს და მანძილს ას მეტრამდე ამცირებს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს დროს და ხარჯებს უზოგავს. ასევე, შეამცირებს სატრანსპორტო ნაკადს მარნეულისა და რუსთავის გზატკეცილების გადაკვეთაზე. 

სამუშაოებს შპს „სამშენებლო კომპანია მამისონი“ აწარმოებდა. პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 582 473 ლარი დაიხარჯა. 

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებოდნენ.