თბილისის უფასო სასადილოებში დღეიდან მომსახურების ახალი წესი ამოქმედდა
ამობეჭდვა · 16 / 03 / 2020 13:19
თბილისის უფასო სასადილოებში დღეიდან მომსახურების ახალი წესი ამოქმედდა

დღეიდან დედაქალაქში მოქმედ 62 უფასო სასადილოში, კორონავირუსის რისკებისგან დასაცავად, მომსახურების ახალი წესი ამოქმედდა.  ახალი წესის თანახმად, განსაკუთრებული რისკის მქონე ქრონიკული დაავადების მქონე ბენეფიციარებს, ასევე, მარტოხელა მოხუცებს და თვითიზოლაციაში მყოფ ბენეფიციარებს სპეციალისტების მიერ დატრენინგებული მოხალისეები საკვებს სახლში მიუტანენ.

მოხალისეები ბენეფიციარებს უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით და შესაბამისი ეკიპირებით ემსახურებიან. 

აღნიშნულ კატეგორიას მიკუთვნებულ ადამიანებს, შეუძლიათ დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე (032 2 722222), განაცხადონ, რომ სურთ აღნიშნული მომსახურება.

ყოველი უფასო სასადილოს შესასვლელთან მობილიზებულია სპეციალურად დატრენინგებულ მოხალისეთა და მერიის თანამშრომელთა ჯგუფი, რომლებიც უზრუნველყოფენ: რიგების რეგულირებას საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით; აკონტროლებენ შესასვლელში დეზინფექციის პროცედურას; ბენეფიციარებს კი მათთვის საჭირო დამატებით ინფორმაციას აწვდიან.