თბილისის საბავშვო ბაღებში პროდუქტების გაცემა დაიწყო
ამობეჭდვა · 19 / 03 / 2020 16:52
თბილისის საბავშვო ბაღებში პროდუქტების გაცემა დაიწყო

თბილისის მერის ინიციატივითა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, დედაქალაქის საჯარო ბაღებში აღსაზრდელების მშობლებისთვის პროდუქტების გაცემა დაიწყო. 

პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩაზე მდებარე N92 ბაგა-ბაღში გაეცნო. 

კახა კალაძემ ბაღების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროცესი სპეციალისტების რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს.  

„დიდუბის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საბავშვო ბაღში საკვების გაცემის პროცესს გავეცანით. ჩვენი გადაწყვეტილებით, არამალფუჭებადი, დაფასოებული პროდუქტები აღსაზრდელების  მშობლებს გადაეცემათ. ეს არის ის რაციონი, რომელიც ამ დღეების განმავლობაში უნდა მიეღოთ ჩვენს პატარებს. მშობლებს  ორ კვირაში ერთხელ ექნებათ შესაძლებლობა, მობრძანდნენ და ის საკვები, რომელიც ბავშვებს ბაღში უნდა მიეღოთ, სახლში წაიღონ და თავიანთ პატარებს თავად მოუმზადონ. რა თქმა უნდა, ყველა რეკომენდაცია არის გათვალისწინებული, რომელსაც პროფესიონალებისგან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან ვიღებთ. მაქსიმალურად არის დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმებიც“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერმა  პროცესში ჩართულ  მოხალისეებს მადლობა გადაუხადა, ხოლო მოხალისეობის მსურველ მოქალაქეებს მერიის ცხელ ხაზზე დარეგისტრირებისკენ  მოუწოდა. 

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს თანამშრომლებსა და იმ მოხალისეებს, რომლებიც პროცესში არიან ჩართული. ბევრი ადამიანი რეგისტრირდება ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვისაც მოხალისეობის სურვილი აქვს, აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ დედაქალაქის მერიის ცხელ ხაზს, სადაც მოხდება მათი მონაცემების დარეგისტრირება. შემდეგ ჩვენ დავუკავშირდებით მათ, გადავამზადებთ და როდესაც ამის საჭიროება იქნება, ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ სხვადასხვა მიმართულებით მათი ჩართულობა განხორციელდება“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი დღეს, ვაკის რაიონში მდებარე N27 და N44 ბაგა-ბაღებშიც იმყოფებოდა. 

„დღეს დავიწყეთ პროდუქტების გაცემა მშობლებისთვის. გადასაცემ პაკეტებში მოთავსებულია 12 სახეობის არამალფუჭებადი პროდუქტი. ბაღებში მოწყობილია სპეციალური სივრცეები, სადაც უზრუნველყოფილია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და დაცულია ის ძირითადი წესები, რაც ინსტრუქციის სახით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყველა ბაღს წინასწარ მივაწოდეთ. პროცესი მშვიდად მიმდინარეობს და მინდა, მადლობა გადავუხადო ბაღების თანამშრომლებს, რომლებმაც პროცესის ორგანიზებისთვის ჩვენთან ერთად, უდიდესი შრომა გაწიეს“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

მისი თქმით, პროექტი, რომლის ღირებულებაც 1 800 000 ლარია, სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე გაგრძელდება.  

კორონავირუსის გავრცელების გამო, სააღმზრდელო პროცესი თბილისის საბავშვო ბაღებში 2 მარტიდან შეჩერებულია. დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით, პროდუქტი, რომელიც საბავშვო ბაღებში ბავშვთა კვებისთვის იყო გათვალისწინებული,   აღსაზრდელების მშობლებს გადაეცემა.