მინდა სასტუმროებს გვერდში დგომის თხოვნით მივმართო, რადგან საკარანტინე სივრცეების რაოდენობა უნდა გავაორმაგოთ - ნათია თურნავა
ამობეჭდვა · 22 / 03 / 2020 19:00
მინდა სასტუმროებს გვერდში დგომის თხოვნით მივმართო, რადგან საკარანტინე სივრცეების რაოდენობა უნდა გავაორმაგოთ - ნათია თურნავა

დღეიდან პრაქტიკულად უკვე გადავდივართ კარანტინის გაძლიერებულ რეჟიმზე, რაც საქართველოში შემოსული ყველა მოქალაქის საკარანტინო ზონაში მოხვედრას გულისხმობს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკური გუნდის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, თუ აქამდე კარანტინში ხვდებოდნენ ის მოქალაქეები, ვინც მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოდიოდა, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კარანტინს გაივლის ყველა მოქალაქე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოვა.

ნათია თურნავას თქმით, კორონავირუსთან ბრძოლის მთავრობის სტრატეგია ეფუძნება ძლიერ პრევენციას და ამით ვართ წარმატებული. თუმცა, მისივე თქმით, ეს ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება და  საკარანტინე ზონების რაოდენობა პრაქტიკულად გაორმაგდება.

„დღეს ჩვენ სამი ათას ადამიანამდე გვყავს ერთდროულად მოთავსებული სხვადასხვა სასტუმროში, ვისზეც სახელმწიფო ზრუნავს. თუმცა, ხვალიდან  საკარანტინე სივრცეების საჭიროება გაიზრდება. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა სასტუმროს ჩვენთან თანამშრომლობისთვის. მაგრამ ვინაიდან სასტუმროების საჭიროება რადიკალურად იზრდება, არ გამოვრიცხავთ, რომ საგანგებო ზომებს მივმართოთ. ამიტომ წინასწარ მინდა ვთხოვო სასტუმროებს, გაგებით მოეკიდონ ამას. იგულისხმება სივრცეების დათმობა გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, მაგრამ ამისთვის მრავალკვირიან მოლაპარაკებებში დროს ვერ დავკარგავთ.  ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს, რომ ჩვენთვის დღეს მთავარი და საგანგებო პრიორიტეტი მოსახლეობის ინტერესებისა და ჯანმრთელობის დაცვაა. კარგად უზრუნველყოფილი კარანტინი კი თითოეული ჩვენგანის დაცვას ნიშნავს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.