როგორც ერთი მილანელი ბიჭი, თქვენ გვერდით ვდგავარ, ქართველ ხალხთან ერთად - კახა კალაძე იტალიელებს მიმართავს
ამობეჭდვა · 24 / 03 / 2020 12:07
როგორც ერთი მილანელი ბიჭი, თქვენ გვერდით ვდგავარ, ქართველ ხალხთან ერთად - კახა კალაძე იტალიელებს მიმართავს

როგორც თბილისის მერი და როგორც ერთი მილანელი ბიჭი, თქვენ გვერდით ვდგავარ, ქართველ ხალხთან ერთად, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

„სამწუხაროდ, დღეს მსოფლიო მძიმე რეალობის წინაშე დგას. მთელი გულით ვგულშემატკივრობ კორონავირუსით დაავადებულ ადამიანებს. ასევე, მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს, თავდაუზოგავი და გმირული საქმიანობისთვის.

ღრმა მწუხარებას და პატივისცემას გამოვხატავ მსოფლიოს ერთ-ერთი უსაყვარლესი ქვეყნის, იტალიისადმი, რომელიც ჩემი მეორე სახლია. ეს არის ქვეყანა, რომელმაც უდიდესი სიყვარულით, თანადგომით მიმიღო და მაჩუქა ჩემი ცხოვრების ყველაზე განსაკუთრებული წლები. შესაბამისად, ჩემთვის კიდევ უფრო გულსატკენია იმის ნახვა, თუ როგორ იტანჯება დღეს იტალია.

როგორც თბილისის მერი და როგორც ერთი მილანელი ბიჭი, თქვენ გვერდით ვდგავარ, ქართველ ხალხთან ერთად. ასეთ დროს აუცილებელია, რომ ერთად და ძლიერად ვიდგეთ. სწორედ ამ პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად, თბილისის სიმბოლო-ანძა, გავანათეთ იტალიის დროშის ფერებში.

იტალია, თქვენთან ვართ და ამ გასაჭირს ერთად გადავიტანთ!
თავს გაუფრთხილდით!
#FORZA ITALIA“, – წერს კახა კალაძე ინსტაგრამზე.