შემოწმებულ ორ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ამობეჭდვა · 25 / 03 / 2020 18:19
შემოწმებულ ორ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზის პასუხების მიხედვით სამხედროებს კორონავირუსული ინფექცია არ უდასტურდებათ. ასევე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დღემდე არც ერთ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი არ დადასტურებია.

უწყებამ სამხედროებში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების მაქსიმალური პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. 21 მარტიდან საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადავიდა, რითაც მნიშვნელოვნად შემცირდა ბაზებზე ვირუსის გავრცელების ალბათობა. თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და საქართველოს მასშტაბით თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სადეზინფექციო სამუშაოები რეგულარულად ტარდება. სპეციალური ჯგუფების მიერ მოწმდება სამხედრო მოსამსახურეების ტემპერატურა. შენობებში ხელმისაწვდომია შესაბამისი სადეზინფექციო და ჰიგიენის საშუალებები.

ჯერ კიდევ 12 მარტს, თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, თავდაცვის უწყების თანამშრომლების გარკვეული ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, ხოლო გარკვეულ პირთა კატეგორიას სამსახურში გამოცხადება აეკრძალა. თვითიზოლაციაში მყოფი მოსამსახურეების მიერ შესაბამისი წესების დაცვის კონტროლს კი, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი და გენერალური ინსპექცია ახორციელებს.

თავდაცვის სამინისტრო განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება სამხედროების ჯანმრთელობას და იღებს შესაბამის პრევენციულ ზომებს მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.