ეკატერინე ტიკარაძე - არ არის იმის რისკი, რომ საქართველოში არსებული ტესტირებებით მოხდეს მცდარი დიაგნოსტიკა
ამობეჭდვა · 27 / 03 / 2020 14:04
ეკატერინე ტიკარაძე - არ არის იმის რისკი, რომ საქართველოში არსებული ტესტირებებით მოხდეს მცდარი დიაგნოსტიკა

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსის დამდგენი ტესტების სანდოობასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი ნებისმიერი ტესტის გადამოწმება ხდება ლუგარში აპრობირებული ტესტირების სისტემით და მხოლოდ ამის შემდეგ იყენებენ მას ფართო გამოკვლევისთვის.

მისი ინფორმაციით, არ არსებობს რისკი, რომ საქართველოში არსებული ტესტირებებით მცდარი დიაგნოსტიკა მოხდეს.

„ვიცი, რომ ძალიან დიდი ვნებათაღელვაა ტესტებთან დაკავშირებით, ვიტყვი იმას, რომ კომპანია ბი ოსმა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს კომპანია არის საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, გამოაქვეყნა ნოტა და თავისი პროდუქცია თვითონ გაიწვია ყველა ბაზრიდან, სადაც ის იყო გაყიდული. საქართველოს ჰქონდა დადებული ხელშეკრულება ამ კომპანიასთან , თუმცა დღეის მდგომარეობით ჩვენ ამ კომპანიის ტესტები ლუგარის ლაბორატორიაში არ გაგვაჩნია. მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები და განვმეორდე, რომ ნებისმიერი ახალი ტესტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის, გადის გარკვეულ დაკვირვებას და ეს დაკვირვება მდგომარეობს შემდეგში: ყველა ტესტის გადამოწმება ხდება ლუგარში აპრობირებული ტესტირების სისტემით და აქედან გამომდინარე, ჩვენ გარკვეული პერიოდის მანძილზე ვაკვირდებით ამ ტესტების სანდოობას ჩვენს მოქალაქეებში და მხოლოდ შემდეგ ვიყენებთ მათ ფართო გამოკვლევისთვის. აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ იმის რისკი, რომ საქართველოში არსებული ტესტირებებით მოხდეს მცდარი დიაგნოსტიკა“ ,- განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ კომპანიაში თანხა არ გადაურიცხავთ.

„თანხა არ გადარიცხულა ამ კომპანიაში. ხელშეკრულება არის ანულირებული, გვაქვს მოლაპარაკება სხვა კომპანიასთან, რომელთანაც ვმუშაობთ იგივე სტრატეგიით. გამოგზავნილი იქნება პირველი სატესტო 2000 ტესტი. იმ შემთხვევაში, თუ ტესტების სანდოობა იქნება ჩვენი მხრიდანაც დამტკიცებული და მაღალი, ჩვენ მოვახდენთ დამატებითი რაოდენობის შეძენას.ტესტების სერჩევა მიმდინარეობს ინფექციონისტების რეკომენდაციით, ლუგარის ლაბორატორიის რეკომენდაციით და ჩვენი საელჩოების სრული ჩართულობით.აქედან გამომდინარე, ჩვენ მუფმივ რეჟიმში ვაკეთებთ გადაზღვევას არააკრედიტირებული და არააპრობირებული ტესტების ბაზარზე შემოტანისთვის“ ,- განაცხად ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, ესპანეთმა უვარგისობის გამო უკან გაიწვია ჩინური კომპანიის ტესტები.