პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ამობეჭდვა · 27 / 03 / 2020 16:42
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა მარნეულის რაიონული პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული ი.კ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის ივლისში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ი.კ.-მ წინასწარი შეცნობით, თექვსმეტ წელს მიუღწეველ გოგონასთან, განახორციელა გარყვნილი ქმედება. სამართალდამცველებმა ი.კ. 2019 წლის 2 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

არასრულწლოვანი დაზარალებულისა და მოწმისთვის მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობის შედეგად შესაძლო ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, არასრულწლოვნის საუკეთესო
ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა. გამოძიების ეტაპზევე არასრულწლოვანი დაზარალებული NICHD პროტოკოლით დადგენილი წესით ფსიქოლოგის მიერ გამოიკითხა. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე კი, დაზარალებულის ადვოკატის ინტერესების გათვალისწინებით, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, როგორც არასრულწლოვანი დაზარალებულის, ასევე არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვა დისტანციურად, ფსიქოლოგის მონაწილეობით განხორციელდა. ზემოაღნიშნულმა უზრუნველყო არასრულწლოვანთა მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება და საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება.

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ი.კ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.